7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული სააკაშვილის ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სხდომა, აქციების მონაწილეებისადმი სოლიდარობის მიზნით, პროტესტის ნიშნად დატოვეს
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული სააკაშვილის ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სხდომა, აქციების მონაწილეებისადმი სოლიდარობის მიზნით, პროტესტის ნიშნად დატოვეს

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო სხდომა მისმა ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების მონაწილეებისადმი სოლიდარობის მიზნით, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც სხდომის დატოვებამდე ბექა ბასილაიამ განაცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების იმ მონაწილეებს, რომლებსაც, მისი თქმით, სამართალდამცველები ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან, სცემენ, სახლებთან უსაფრდებიან და არათუ დასჯილი, იდენტიფიცირებულიც ამ დრომდე არავინაა. ბასილაიას განცხადებით, ამ ფონზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის აქციის მონაწილეებს პატიმრობებს უფარდებენ.

მოსამართლეებმა ნინო ელიეშვილმა, მაია ქოქიაშვილმა და ლაშა კლდიაშვილმა ადვოკატები სასამართლოს შეურაცხყოფაში და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვის უფლებით სარგებლობის უფლების დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისთვის მოსამართლეებმა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველა მხარის მხრიდან თუ ვითხოვთ პატივისცემას კანონების მიმართ, ეს დაცვის მხარესაც ეხება და ისინი ვალდებული იყვნენ, მათი ინტერესების მყოფი პირებისთვის გაეწიათ სათანადო სამართლებრივი დახმარება. ეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაც არის, როდესაც ტოვებ სასამართლო სხდომას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა რაიმე, რაც იქნებოდა მაპროვოცირებელი ან ბიძგის საშუალებას მისცემდა რომელიმე მხარეს, რომ პროტესტის ნიშნად შეიძლება, დატოვო სასამართლო სხდომა. მესმის, თავიანთი შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ადვოკატები ბრძანდებიან, უპირველესი მოვალეობაა, სწორედ იმ პირის ინტერესების დაცვა, რომელსაც წარმოადგენენ სასამართლო სხდომის მსვლელობისას“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.