გიორგი აბაშიშვილი - ყველაფერზე ევროდირექტივებისკენ ხელის გაშვერა ევროინსტიტუტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აჩენს
ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქვეყანას გარკვეული ტიპის ვალდებულებები აქვს, მაგრამ ყველაფრის ასოცირების დღის წესრიგსა და ევრორეგულაციებზე დაბრალება არის ტყუილი და ქვეყანაში ევროინსტიტუტების მიმართ უარყოფით განცდას აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. აღნიშნული პროექტი ბოლო ორი თვის განმავლობაში ბიზნესსა და კანონპროექტის ავტორს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსა შორის მწვავე დისკუსიის საგანია. კანონპროექტს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ანალიტიკოსების ნაწილიც აკრიტიკებს. კრიტიკულად განწყობილი ბიზნესი და დარგის ექსპერტები თვლიან, რომ თუ კანონპროექტი აღნიშნული სახით გავიდა, არსებობს რისკი, რომ ის დასაქმების ბაზარზე ჩრდილოვან სექტორს წაახალისებს და დასაქმებულის ინტერესებსაც დააზარალებს.
გადაცემის მსვლელობისას ითქვა, რომ კანონპოროექტის მომხრეთა ერთ-ერთი დასაყრდენი არგუმენტი ის არის, რომ პროექტით დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ითხოვს. გადაცემის სტუმარმა დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ ხაზი გაუსვა, რომ სადაო ცვლილებათა პროექტში ბევრია ისეთი რეგულაცია, რომელსაც ევროდირექტივებიც კი არ მოითხოვს.
„ჩვენ მთლიანად შევისწავლეთ და გავიარეთ ის ვალდებულებები, რაც ჩვენს სახელმწიფოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული და პრეტენზია არ გაგვაჩნია იმ რეგულაციების შემოღებასთან, რაც ზუსტად ასახავს იმ მინიმალური სტანდარტის დანერგვას, რაც ევროდირექტივებშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა. პრობლემა სწორედ ის არის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტში ბევრია ისეთი რეგულაცია, რომელსაც ევროდირექტივაც კი არ მოითხოვს. მაგალითად, იგივე დასაქმების შეზღუდვა – ევროდირექტივაში მოცემული არ არის, რომ არ შეიძლება ადამიანმა ორ სამსახურში იმუშაოს, ან სტაჟიორებთან დაკავშირებით სამთვიან დასაქმებაზე აბსოლუტური შეზღუდვა. ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ უფრო მკაცრი რეგულაციის დაწესება მოვინდომეთ, ვიდრე ევროდირექტივა ითხოვს. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და განგაშის საფუძველი“, – განაცხადა ცხაკაიამ.
გადაცემის თანაწამყვანის, გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებით, ევროდირექტივებისკენ ხელის მეტისმეტად ხშირად გაშვერა ევროინსტიტუტების მიმართ ნდობას არყევს.
„ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის ვალდებულებები გვაქვს, მაგრამ სამწუხარო ზუსტად ის არის, ყველაფრის დაბრალება ასოცირების დღის წესრიგსა და ევრორეგულაციებზე არის ტყუილი. ეს პირიქით, ქვეყანაში ევროინსტიტუტების მიმართ ნეგატიურ განცდას აჩენს, როცა ყველაფერზე ხელის გაშვერა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ევრორეგულაციის ნაწილი, ევრორეგულაციაზე დაბრალება ხდება. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მთავარ პრობლემამდე არ მივდივართ. იმის მაგივრად ვიფიქროთ, უმუშევრობა როგორ დავძლიოთ, ვფიქრობთ – როგორ შევზღუდოთ. ქვეყანაში, სადაც ყველა გამოკითხვით მოსახლეობის პირველი რიგის პრობლემა არის უმუშევრობა, იმას ვახერხებთ, რომ ადამიანებს მუშაობა ავუკრძალოთ. საშუალო შემოსავალი ქვეყანაში 350 ლარსაც კი არ უტოლდება და ამ დროს ადამიანს ვეუბნებით, რომ ეს როგორც გინდა, ისე გეყოს და არ უნდა იმუშაო. ეს რა ლოგიკას ექვემდებარება, ეს რომელმა სტრუქტურამ თუ ხელშეკრულებამ დაგვავალდებულა, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში მშიერი უნდა იყვნენ. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ბევრი რამაა შესაცვლელი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ვადა აქვს და არ კეთდება ასე პოპულისტური განცხადებებით. მთავარი საზრუნავია უმუშევრობა და სიღარიბის დაძლევა. მგონი ამაზე უნდა იხარჯებოდეს პატივცემული დეპუტატების დრო,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.