გიორგი აბაშიშვილი - სამწუხაროა, რომ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული “დემოკრატიისკენ” მივდივართ
სამწუხაროა, რომ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული “დემოკრატიისკენ” მივდივართ, – ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტთან აუდიენციაზე ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამახვილდა.
“ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო პროცესის შესახებ საუბარს დაეთმო, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. დაისვა კითხვები, არსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას რამდენად უზრუნველყოფს. ასევე, რამდენად უზრუნველყოფს მიღებული კონსტიტუცია ბალანსის სისტემასა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და მომავალში მრავალპარტიულ დემოკრატიას. ცხადია, ამაზე პრეზიდენტის მხრიდან პოზიცია არაერთხელ დაფიქსირებულა და სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ და “ერთპარტიული დემოკრატიისკენ” მივდივართ”,- განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეშფოთებაა და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმე ჩვენი დიდი სირცხვილია და მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს პროცესი და გაუგებრობა სწრაფად დასრულდეს.