გერმანული მედიის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მიზნით, გაერო რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს
გერმანული მედიის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მიზნით, გაერო რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს

გერმანული მედიის ცნობით, „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მიზნით, გაერო რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს, რომელმაც გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილი წერილები მოიპოვა.

ამ წერილში ანტონიუ გუტერეში რუსეთს სთავაზობს ოთხპუნქტიან გეგმას, რათა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ განახლდეს. პირველ პუნქტში გუტერეში რუსეთს სთავაზობს ევროკავშირის სანქციების მოხსნას „როსსელხოზ“ ბანკისთვის, რაც ამ ბანკს საშუალებას მისცემს, გვერდი აუაროს საგადახდო სისტემა „სვიფტიდან“ გათიშვის გამო მოქმედ შეზღუდვებს. ამ მიზნით, გაერო-ს გენერალური მდივანი ინიციატივით გამოდის, გამოყენებული იყოს სპეციალურად დაფუძნებული „როსსელხოზ“ ბანკის შვილობილი კომპანია;

მეორე პუნქტში გუტერეში გამოდის წინადადებით, რომ რუსული სატვირთო ხომალდები დააზღვიონ უკრაინელების თავდასხმებისგან, როდესაც ისინი შავ ან აზოვის ზღვაში გადაადგილდებიან. ამ მიზნით, გაერო-ს მიერ დაფინანსებულ კომპანიას შეუძლია, თანამშრომლობა დაიწყოს სადაზღვევო კომპანია „ლოიდსთან“;

მესამე პუნქტში გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთს დახმარებას ჰპირდება ევროპული სანქციების შედეგად გაყინული აქტივების დაბრუნებაში, ხოლო მეოთხე პუნქტის მიხედვით, რომელსაც გერმანული მედია ავრცელებს, საკვები პროდუქტებითა და სასუქით დატვირთულ რუსულ ხომალდებს ევროკავშირის პორტებში გაჩერების საშუალება უნდა მიეცეთ.

ამ მიზნით, გაერო-მ უკვე გამართა მოლაპარაკება ევროკომისიასთან და გერმანიის, ბელგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ცალკეული პორტების ადმინისტრაციებთან.

ცნობისთვის, რუსეთი ე.წ. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან 17 ივლისს გავიდა. როგორც გასულ კვირას, სოჭში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას, თუ რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სასუქების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.