გერმანიის მთავარი პროკურორი - ჯიჰადისტების ცოლების ნაწილი ქმრებთან ერთად უნდა გასამართლდეს
გერმანიის მთავარი პროკურორი პიტერ ფრანკი მიიჩნევს, რომ თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ცოლების ნაწილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის მუხლით უნდა გასამართლდეს. ამის შესახებ მან გერმანულ მედიას განუცხადა.
„ქალები, რომლებიც სირიაში გამიზნულად წავიდნენ და დაეშის წევრებს გაყვნენ ცოლად, თანამონაწილეები არიან. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ქმრების მიერ ჩადენილ დანაშაულში იღებდნენ მონაწილეობას“ – განაცხადა პიტერ ფრანკმა.
სირიასა და ერაყში დაეშის დამარცხების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 000-ზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. ქალების დიდი ნაწილი, რომლებიც თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ცოლები იყვნენ, დღესდღეობით ერაყში მდებარე გაერო-ს ლტოლვილთა ბანაკებს აფარებენ თავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ქალების უმრავლესობა ქმრების ტყვეობაში იმყოფებოდა.
გერმანული გამოცემა Die Zeit წერს, რომ გერმანიის მთავარ პროკურატურაში იმ ქალების საქმეებს განიხილავენ, რომლებიც გერმანიიდან სირიასა და ერაყში შეგნებულად წავიდა და მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობა შეგნებულად მიიღო. ერთ-ერთი მათგანია ლინდა ვენზელი.
გერმანიის ფედერაციის 16 წლის წლის მოქალაქე ლინდა ვენზელს, რომელიც თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის ცოლი იყო, ერაყის სასამართლომ, შესაძლოა, სიკვდილი მიუსაჯოს.
ლინდა ვენზელი მოსულში ჯიჰადისტების განდევნის შემდეგ ერაყელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს. ის დღესდღეობით ბაღდადის ციხეში იმყოფება. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ლინდა ვენზელი ჯიჰადისტებს შორის ერთ-ერთი იყო, „ვინც უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი ხელით ხოცავდა“.
16 წლის გოგო დრეზდენიდან ერაყში 2016 წელს გაემგზავრა. მან თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ინტერნეტით გაიცნო. როგორც ირკვევა, ჯიჰადისტს თურქეთში შეხვდა, საიდანაც ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყის ქალაქ მოსულში გაემგზავრნენ. ლინდა ვენზელის ქმარი რამდენიმე თვის წინ მოკლეს.
ვენზელის საქმით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მოქალაქეთა ექსტრადირების შესახებ ამ დრომდე არ გაფორმებულა, რაც გოგონას სამშობლოში დაბრუნების პროცესს შეაფერხებს. ვენზელის ჩათვლით ბაღდადის ციხეში სასჯელს გერმანიის სამი მოქალაქე იხდის.
2016 წელს ერაყის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 80-მდე ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუ ერაყის პრემიერ-მინისტრი გერმანელ მოზარდს არ შეიწყალებს, შესაძლოა, ლინდა ვენზელი ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ, რაც ერაყის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უმკაცრეს სასჯელს – ჩამოხრჩობას ითვალისწინებს.