მრავალი წელია, მეცნიერებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აწუხებთ — რა ფაქტორები განაპირობებდა დედამიწის ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახეობების ამოხოცვას?
ბევრი მათგანი დედამიწისეული წარმოშობისაა, მაგრამ არის ერთი იდუმალებით მოცული მოვლენა, რომელმაც პლიოცენის ეპოქაში, 2,6 მილიონი წლის წინ, ოკეანეში სიცოცხლის 36 პროცენტი მოისპო. მათ შორის იყო გიგანტური, ავტობუსის ზომის ზვიგენი მეგალოდონი. მეცნიერთა ვარაუდით, ეს მოვლენა შესაძლოა, გამოწვეული იყო დედამიწიდან 150 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის აფეთქებით, ანუ სუპერნოვათი.
სინამდვილეში შესაძლოა, რამდენჯერმე მოხდა დედამიწის ბომბარდირება კოსმოსური რადიაციით, რასაც შეეძლო გამოეწვია კლიმატის ცვლილება, ისევე როგორც სხვა ეფექტები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ოკეანის მეგაფაუნის მასობრივ გადაშენებაში.
კანზასის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ადრიან მელოტი ამ საკითხზე 15 წელია მუშაობს. მისი თქმით, წარსულშიც ხშირად ვარაუდობდნენ, რომ სუპერნოვებს დედამიწის დაზარალება ისტორიის განმავლობაში ხშირად შეეძლო.
თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. არსებობს სპეციფიკურ დროს ახლომახლოს მომხდარი მოვლენების მტკიცებულებები. ვიცით, რამდენად იყო ისინი ჩვენგან დაშორებული და შესაბამისად, შეგვიძლია იმის გამოთვლაც, რამდენად შეეძლოთ მათ დედამიწაზე გავლენის მოხდენა.
მტკიცებულებები ქანებში იმალება. უნდა გაირკვეს, შეიცავს თუ არა ისინი რკინა-60-ის იზოტოპების დანალექებს, რომლებიც ნაპოვნია ზღვის ფსკერზე.
რკინა-60 რადიოაქტიურია. მისი ნახევარსიცოცხლის პერიოდი დაახლოებით 2,6 მილიონი წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4,54 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემის ფორმირებისას წარმოქმნილი რკინა-60 უკვე დიდი ხნის დაშლილი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენს პლანეტაზე დღეს არსებული ეს იზოტოპი მოსული უნდა იყოს გარედან, როცა ის კოსმოსში სუპერნოვას აფეთქების შედეგად გაიტყორცნა.
შედარებით ადვილია რადიოაქტიურ იზოტოპთა დათარიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცით მათი დაახლოებითი ასაკი. მელოტის თქმით, დაახლოებით 2,6 მილიონი წლის წინ შეიმჩნევა ასეთ იზოტოპთა დიდი ტალღა, 10 მილიონი წლის წინ კი შედარებით პატარა მოვლენები.
მკვლევართა თქმით, ამ მოსაზრებებს მხარს უჭერს ე. წ. ადგილობრივი ბუშტიც — გაზისგან შედარებით თავისუფალი სივრცე, რომელიც 300 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება და რომელშიც ამჟამად მზის სისტემა მოძრაობს.
მელოტის თქმით, ეს არის ძალიან ცხელი, დაბალი სიმკვრივის გაზი, რომელმაც თითქმის ყველა გაზის ღრუბელი განდევნა. ასეთი ბუშტის წარმოქმნის საუკეთესო გზაა სუპერნოვათა მთელი ჯაჭვი, რომელთა დარტყმებიც მას უფრო და უფრო დიდს ხდის.
გარდა იმისა, რომ ამ დროს ის კოსმოსში გავრცელებას განაგრძობს, სუპერნოვას მიერ გამოტყორცნილი კოსმოსური სხივები ბუშტის საზღვარზე უნდა აისხლიტოს, რაც განაპირობებს ბომარდირებას, რომელიც 100 000 წლიც შეიძლება გაგრძელდეს. სუპერნოვათა ჯაჭვის შემთხვევაში, ეს პროცესი გაცილებით დიდხანსაც გაგრძელდება.
მოსაზრება, რომ მასობრივი გადაშენებები შეიძლება, სუპერნოვებს გამოეწვიათ, ახალი არ არის. მეცნიერებს დიდი ხანია მიაჩნიათ, რომ დაახლოებით 450 წლის წინ დედამიწაზე მომხდარი ორდოვიული მასობრივი გადაშენება გამოწვეულია სუპერნოვას აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გამა-გამოსხივებით. მისმა რადიაციამ დედამიწას შემოაცალა ოზონის ფენა და პლანეტაზე არსებული სიცოცხლეც დაუცველი აღმოჩნდა მზის მომაკვდინებელი ულტრაიისფერი სინათლის წინაშე.
თუმცა, გამა-გამოსხივების აფეთქებები ირმის ნახტომში საკმაოდ იშვიათია. იმდენად იშვიათი, რომ მეცნიერებს ის არასოდეს დაუფიქსირებიათ, თუ არ ჩავთვლით ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მოვლენას, რომელიც შესაძლოა, ამის პირველი შემთხვევა გახდეს.
მელოტისა და მისი ჯგუფის კვლევის თანახმად, პლიოცენის ზღვის მეგაუფაუნის გადაშენების უკან სრულიად სხვანაირი მექანიზმი იმალება. გამა-გამოსხივების ტალღის მაგივრად, ეს იყო კოსმოსური სხივების ელემენტარულ ნაწილაკთა ტიპი, სახელად მუონები. ისინი ელექტრონებს წააგავს, მაგრამ აქვთ გაცილებით მეტი მასა და ენერგია.
როგორც მელოტი განმარტავს, მათ ყველგან შეღწევა შეუძლიათ. ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი, ჩვენს ორგანიზმში მრავალი მათგანი გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რადიაციის ერთი-მეხუთედი მუონებისგან მოდის, თითქმის ყველა მათგანი უვნებლად გაივლის.
თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, როცა კოსმოსური გამოსხივების ეს ტალღა გვირტყამს, ამ მუონების ოდენობა რამდენიმე ასეულამდე იზრდება. ასეთი დიდი ოდენობისას, როცა მათი ენერგია ასე მაღალია, შედეგად მიიღებთ მუტაციებისა და კიბოების გაზრდილ რიცხვს. სწორედ ეს იქნება ძირითადი ბიოლოგიური ეფექტები.
მელოტის თქმით, ადამიანის ზომის არსების შემთხვევაში, კიბოს მაჩვენებლები 50 პროცენტით მოიმატებდა. რაც უფრო დიდ ქმნილებასთან გვაქვს საქმე, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, შედეგები კატასტროფული იქნებოდა სპილოებისა და ვეშაპებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ მუონები ასე შეღწევადია, ისინი ფიქსირდება მიწისქვეშაც, დიდი სიღრმეზე. მათ შესწევთ უნარი გაიარონ ოკეანის წყალი და მიაღწიონ ფსკერზე არსებულ სიცოცხლემდე. მუონების შეღწევადობა ცხადია, უფრო ნაკლები იქნება დიდ სიღრმეებში, რაც კარგად ჯდება ეთავსება გადაშენების მოვლენებსაც. ეს მოვლენა გაცილებით კატასტროფულად შეეხო სანაპირო წყლებს.
რა თქმა უნდა, გადაჭრით ჯერ არაფერი ვიცით და არსებობს მრავალი ამოუხსნელი მომენტიც. მელოტს მაგალითად მოჰყავს სპილოები და ვეშაპები, რომლებსაც თეორიულად კიბოს უფრო მაღალი მაჩვენებლები უნდა აღენიშნებოდეთ. თუმცა, ცნობილია, რომ კიბოს მაჩვენებლები მათში წარმოუდგენლად დაბალია, ვიდრე ადამიანებში. ამ ფენომენს პეტოს პარადოქსს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაშენებათა ყველაზე შესაფერისი მიზეზი სუპერნოვები ჩანს, დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი. კვლევები გრძელდება.
ჯგუფის ნაშრომი ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.