ასტრონომები მომაკვდავი ვარსკვლავის აფეთქებას უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდნენ
ასტრონომები მომაკვდავი ვარსკვლავის აფეთქებას უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდნენ

ასტრონომები უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდნენ მომაკვდავი ვარსკვლავის, სუპერნოვა SN 2018oh-ის პირველ ეტაპს. ამისათვის მათ კოსმოსური და მიწისპირა ტელესკოპების კომბინაცია გამოიყენეს.

ჩვენგან 170 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ამ ობიექტზე დაკვირვებებმა მეცნიერებს შესაძლოა, გაცილებით მეტი ცნობა მიაწოდოს სიცოცხლის მიწურულს ვარსკვლავთა აფეთქების საფუძვლების შესახებ.

მონაცემების ძირითადი ნაწილი სამუდამოდ დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოგზავნა. შეგახსენებთ, რომ კეპლერი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ახორციელებდა ფუნდამენტურ სამეცნიერო დაკვირვებებს.

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ბრედ ტაკერის განცხადებით, საწვავის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, კეპლერმა სიკაშკაშის ერთწუთიანი ცვლილება შენიშნა ვარსკვლავის აფეთქების საწყის პროცესში. ამავე დროს, დედამიწაზე განთავსებულმა ტელესკოპებმა ცვლილებები დააფიქსირეს მომაკვდავი ვარსკვლავის ფერსა და ატომურ შემადგენლობაში.

ამ ტელესკოპთა მონაცემების კომბინირებით, ასტრონომებმა ზუსტად ის მიიღეს, რაც სურდათ — უპრეცედენტო დაკვირვება ვარსკვლავის სიკვდილის დასაწყისზე.

SN 2018oh I a ტიპის სუპერნოვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვდება ორმაგი ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც სულ მცირე ერთი ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა — მატერიის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ფორმა. ამ ტიპის სუპერნოვებს ასტრონომები სამყაროს გაფართოების მაჩვენებლის გასაზომად და ბნელი ენერგიის შესასწავლად იყენებენ. შესაბამისად, მათი დეტალური კვლევა უმნიშვნელოვანესია.

ცნობილია, რამდენად კაშკაშა შეიძლება იყვნენ ეს ვარსკვლავები სიცოცხლის მიწურულს აფეთქებისას და შესაბამისად, შესაძლებელია ჩვენგან მათი დაშორების განსაზღვრაც. გამომდინარე აქედან, შესაძლებელი ხდება სამყაროს გაფართოების სისწრაფის გამოთვლაც.

ასეთი ორმაგი სისტემები შეიძლება მოიცავდეს ორ თეთრ ჯუჯა ვარსკვლავს, რომლებიც ერთმანეთთან შეჯახების შედეგად ფეთქდებიან. შესაძლებელია ისიც, რომ სუპერნოვა გამოიწვიოს სისტემის ერთადერთმა თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა, რომელიც კომპანიონ ვარსკვლავს იმდენ მატერიას წოვს, რომ ის აფეთქდეს.

ბოლო კვლევამ შესაძლოა, ამ საიდუმლოს ამოხსნასთან კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანოს. როგორც ჯგუფი შენიშნავს, ეს კონკრეტული სუპერნოვა თავდაპირველი აფეთქების შემდეგ ძალიან სწრაფად აკაშკაშდა და მოსალოდნელი რამდენიმე კვირის ნაცვლად, მილიარდობით გრადუს ტემპერატურას სულ რამდენიმე დღეში მიაღწია.

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომის, მარია დრუტის თქმით, მრავალი სუპერნოვა სიკაშკაშეში თანდათან იმატებს, მაგრამ ამ კონკრეტული აფეთქებისას, ძალიან ადრეულ ეტაპზე რაღაც უჩვეულო მოხდა — მოულოდნელი, დამატებითი გამოსხივება.

უპრეცედენტო დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ საქმე უნდა ეხებოდეს მსუქან თეთრ ჯუჯას, რომელიც სასტიკად ძლიერად გასკდა და თავის ბინარული პარტნიორი დაანგრია.

ბრედ ტაკერის თქმით, შესაძლებელია, რომ SN 2018o-ის შემთხვევაში, თეთრი ჯუჯას აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა შოკურმა ტალღამ კომპანიონ ვარსკვლავს გადაუარა, წარმოქმნა უკიდურესად ცხელი და კაშკაშა ჰალო, და შემდეგ, სწორედ ამან წარმოქმნა ასტრონომთა მიერ შემჩნეული დამატებითი სიკაშკაშე.

თუმცა, კვლევაში ჩართული ყველა ასტრონომი ასე არ ფიქრობს.

SN 2018oh-ის შესახებ ასტრონომებმა იმდენი დეტალი შეაგროვეს, რომ 130 კაციანმა ჯგუფმა აღმოჩენების შესახებ სამი სხვადასხვა კვლევა ჩაატარეს და სუპერნოვების შესახებ იმდენი ახალი დეტალი გამოავლინეს, რამდენიც აქამდე ჯერ არასდროს გაურკვევიათ.

მიუხედავად უპრეცედენტო დეტალებისა, სამწუხაროდ, ეს კვლევა ვერ დაასრულებს ცხარე დებატებს ბინარული სისტემების I a ტიპის სუპერნოვათა ზუსტი შემადგენლობის შესახებ.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, დამატებითი სიცხისა და სინათლის გამოყოფის მიზეზი შეიძლება იყოს რადიოაქტიური ნიკელის უჩვეულო აკუმულაცია ორი ერთმანეთთან შეჯახებული თეთრი ჯუჯას გარე ფენებში. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ ამ მომაჯადოებელი მოვლენის წყარო ნებისმიერი ტიპის ვარსკვლავური სისტემა იყოს.

მეცნიერთა განცხადებით, ამ უჩვეულო სუპერნოვაზე ასე დეტალური დაკვირვება ასტრონომიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.

ისინი იმედოვნებენ, რომ სუპერნოვათა შესახებ ბოლო წლებში შეგროვებული მონაცემები კიდევ უფრო დახვეწენ სამყაროს გაფართოების კოსმოლოგიურ მოდელებს.

მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.