ფრანგი ბიზნესმენი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს
ფრანგი ბიზნესმენი, „ლუი ვიტონის“ დამფუძნებელი ბერნარდ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.