„ფორბსის“ მონაცემებით, დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა
„ფორსაჟის“ მსახიობი დუეინ ჯონსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ჯონსონმა შარშან 89,4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
გამოცემის ცნობით, შემოსავალში ითვლება როგორც მსახიობის მიერ სხვადასხვა ფილმში შესრულებული როლებისთვის მიღებული ჰონორარები, ისე ჯონსონის სხვა შემოსავლები და რეკლამიდან მიღებული თანხაც.
შარშან დუეინ ჯონსონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ფორსაჟი – ჰობსი და შოუ“, ასევე გახლდათ რამდენიმე კინოსურათის პროდიუსერიც.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ნუსხაში მეორე ადგილზეა კრის ჰემსვორთი, რომელიც „მარველის“ ფილმებში „თორის“ როლს ასრულებს. მესამეა რობერტ დაუნი უმცროსი.
ათეულში დაბრუნდა ბრედლი კუპერი, რომელიც რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. „ფორბსის“ სიაში ასევე არის უილ სმიტიც, რომელმაც შარშან მხოლოდ ერთ ფილმში, „ალადინში“ ითამაშა.