Forbes-ი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულს აქვეყნებს
Forbes-ი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულს აქვეყნებს. ამერიკული ჟურნალის სიის სათავეში გასული წლის მსგავსად, კვლავ რეჟისორი ჯორჯ ლუკასი მოექცა, რომლის ქონება 5,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მეორე და მესამე ადგილებს ასევე რეჟისორი სტივენ სპილბერგი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ინაწილებენ. ამერიკული ჟურნალის ცნობით, ფილმ „შინდლერის სიის“ რეჟისორის ქონება 3.7, ტელეწამყვანის ქონება კი 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სიის მეოთხე ადგილზე ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანია, რომლის ქონებაც 1,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გამოცემის ცნობით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშის ქონება ბოლო ერთ წელიწადში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სიაში ასევე მოხვდნენ მოდელი კაილი ჯენერი 900 მილიონი დოლარით და რეპერი ჯეი-ზი ამავე რაოდენობის თანხით.
ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის ყოველწლიური სია ცნობილი ადამიანების კომპანიებიდან მიღებული შემოსავლის, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და ხელოვნების ნიმუშების დაანგარიშებით დგება.