ფედერერი და ნადალი 39-ედ შეხვდებიან ერთმანეთს
ფედერერი და ნადალი 39-ედ შეხვდებიან ერთმანეთს

ინდიან უელსის მასტერსზე მეორე ნახევარფინალური წყვილი ლეგენდებმა – როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა შეადგინეს.

ფედერერი მეოთხედფინალში 22 წლის პოლონელ ჰუბერტ ჰურკაშს ეთამაშებოდა. ჩოგბურთელები იშვიათად აძლევდნენ ერთმანეთს ბრეიკის შანსს. ფედერერმა სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორი შანსი გამოიყენა – პირველ სეტში მეხუთე გეიმში და მეორეში მესამე გეიმში. ჰურკაშს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა. საბოლოოდ, ფედერერმა 6:4, 6:4 მოიგო საათსა და 14 წუთში.

უფრო მეტი ბრძოლა მოუწია რაფაელ ნადალს, რომელმაც ორ ტაი-ბრეიკში დაამარცხა რუსი კარენ ხაჩანოვი – 7:6(2), 7:6(2).

პირველი სეტი რუსმა ბრეიკით დაიწყო. ნადალმა მეექვსე გეიმში გაათანაბრა ანგარიში, მეათე გეიმში კი ერთბაშად ოთხი სეტბოლი ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკზე გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა.

მეორე სეტი საპირისპირო სცენარით წარიმართა – პირველი ბრეიკი რაფაელმა შეასრულა, შემდეგ ხაჩანოვმა გაათანაბრა ანგარიში, მეათე გეიმში კი უკვე სეტბოლი რუსს ჰქონდა. მაგრამ აქაც საქმე ტაი-ბრეკამდე მივიდა, რომელიც ისევ ნადალმა მოიგო 7:2.

ასე რომ, ნახევარფინალში ვიხილავთ ნადალისა და ფედერერის რიგით 39-ე დაპირისპირებას. ამ კლასიკურ დუელში წინ არის ესპანელი ჩოგბურთელი – 23:15, მაგრამ ბოლო სამი მატჩიდან ორი ფედერერმა მოიგო. გარდა ამისა, ჰარდის საფარზე წინ შვეიცარიელია – 11:9, თან ჰარდზე როჯერმა ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ მოუგო რაფას.

ინდიან უელსის მასტერსის მეორე ნახევარფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი ითამაშებენ.