ეუთო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეუთო-მ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოსახლეობას
ეუთო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეუთო-მ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოსახლეობას

ეუთო-მ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლისთვის, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პოლონელი დიპლომატის თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოსახლეობას.

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის საკითხებზეც და აღნიშნა, რომ ეუთო-ს კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ეუთო-ს ზონაში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით რეგიონული და გაჭიანურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერით. ეუთო-ს კარგი პოზიციები აქვს, რომ დაეხმაროს არსებული დავების შემსუბუქებას. ამ კუთხით ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მინსკის შეთანხმების შესაბამისად და უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მადლობას ვუხდით და მაღალ შეფასებას ვაძლევთ ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას უკრაინაში. მისიას სრული მანდატი უნდა ჰქონდეს უკრაინაში მუშაობისთვის. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლისთვის საქართველოში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობა. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს დახმარებას დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტის დასრულებისთვის. მთიან ყარაბაღში და მის გარშემო შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და განვითარებას. ასევე ყაზახეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთების სერიოზულ მიზეზებს გვაძლევს. სამომავლოდ უკეთესად უნდა ვიყოთ მომზადებულები, რათა გამოვიყენოთ ეუთო-ს ყველა აქტივი და ინსტრუმენტი დაძაბულობების მშვიდობიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

 

დატოვე კომენტარი