ეუთო-ს შეფასებით, სერბეთში, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა
ეუთო-ს შეფასებით, სერბეთში, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საუბარია შარშან, 17 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, სერბეთის მმართველმა პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. ამას მოჰყვა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც სერბეთის მთავრობას არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.

„საარჩევნო დღემ შეუფერხებლად ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა მრავალრიცხოვანი პროცედურული დარღვევა, მათ შორის ხმის მიცემისა და დათვლის დროს დამცავი მექანიზმების არათანმიმდევრული გამოყენება, საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით ადამიანის ყოფნა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ჯგუფურად ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა“, – ნათქვამია ეუთო-ს დასკვნაში.

დამკვირვებლების თქმით, ასევე დაფიქსირდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების ფაქტები.

ეუთო-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სერბეთის მთავრობამ 2022 წელს საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა ბევრი რეკომენდაცია ამ დრომდე არ არის შესრულებული, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია „თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ“.

როგორც „პოლიტიკო წერს“, სერბეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო-ს მიერ შედგენილი ანგარიში სერბეთის ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 8 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროდეპუტატები სერბეთში გამართული არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება გამორიცხეს და განაცხადეს, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება.