ეს გიგანტური კენგურუ 50 000 წლის წინ ახალ გვინეაში ბინადრობდა, სადაც ის ავსტრალიიდან გადავიდა — #1tvმეცნიერება
ეს გიგანტური კენგურუ 50 000 წლის წინ ახალ გვინეაში ბინადრობდა, სადაც ის ავსტრალიიდან გადავიდა — #1tvმეცნიერება

დიდი ხნის წინ, თითქმის ბოლო გამყინვარების ხანის ბოლომდე, ახალი გვინეის მთიან ტროპიკულ ტყეებში განსაკუთრებული, გიგანტური კენგურუ ბინადრობდა.

ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს კენგურუ თანამედროვე ავსტრალიური კენგურუს ახლო ნათესავი არ იყო. სანაცვლოდ, მიეკუთვნებოდა პრიმიტიული კენგურუს აქამდე უცნობ ტიპს, რომელიც მხოლოდ ახალ გვინეაში იყო გავრცელებული.

მეგაფაუნის ხანა

ავსტრალიაში ყველა სახის გიგანტური ცხოველი ბინადრობდა, რასაც მეგაფაუნას უწოდებენ. დაახლოებით 40 000 წლის წინ, მათი უმეტესობა გადაშენდა. ეს მეგაფაუნა იმ ცხოველების გვერდით არსებობდა, რომლებიც დღეს ავსტრალიის ბუჩქებში ბინადრობენ — კენგურუები, კოალები, ნიანგები, მაგრამ მრავალი მათგანი უფრო დიდ სახეობას მიეკუთვნებოდა.

მათ შორის იყვნენ გიგანტურ ვომბატებიც, სახელად Phascolonus-ი, 2,5-მეტრიანი მოკლესახიანი კენგურუები და 3-ტონიანი დიპროტოდონი (Diprotodon optatum) — ისტორიაში ყველაზე დიდი ჩანთოსანი. უფრო მეტიც, ავსტრალიის მეგაფაუნის ზოგიერთი სახეობა დღემდე გადარჩა, მათ შორის არის წითელი კენგურუ, ემუ და კაზუარი.

ახალი გვინეის მეგაფაუნის ნამარხები გაცილებით მწირად არის შესწავლილი, ვიდრე ავსტრალიური. მიუხედავად ამისა, ახალი გვინეის ნამარხები მიუთითებს მომაჯადოებელ და უჩვეულო ცხოველებზე, რომელთა ევოლუციური ამბებიც ავსტრალიურთან არის გადაჯაჭვული.

პალეონტოლოგები ახალ გვინეაში იშვიათად მაინც აწყობენ ექსპედიციებსა და გათხრებს; მათ შორის არის ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა მიერ ჩატარებული გათხრები 1960-იან, 70-იან და 80-იან წლებში.

1970-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას, მეცნიერებმა გადაშენებული, გიგანტური კენგურუს ორი ყბა აღმოაჩინეს. ახალგაზრდა მკვლევარმა (ამჟამად პროფესორი) ტიმ ფლანერიმ სახეობას Protemnodon nombe უწოდა.

ფლანერის მიერ აღწერილი ნამარხები დაახლოებით 20 000 – 50 000 წლის წინანდელია. აღმოჩენილია ნომბეს გამოქვაბულში — ცენტრალურ პაპუა ახალ გვინეაში მდებარე არქეოლოგიურ და პალეონტოლოგიურ ძეგლზე. იქ ასევე აღმოჩენილია კიდევ ერთი კენგურუსა და გიგანტური ოთხფეხა ჩანთოსნის, სახელად დიპროტოდონის ნამარხები.

მოულოდნელი აღმოჩენა

ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორმა გავინ პრიდომ და პალეონტოლოგიის დოქტორობის კანდიდატმა ისააკ ალან რობერტ კერმა Protemnodon nombe-ს ნამარხები ხელახლა შეისწავლეს და რაღაც მოულოდნელს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური კენგურუ Protemnodon-ის გვარს არ ეკუთვნოდა, რომელიც მთელ ავსტრალიაში იყო გავრცელებული, კიმბერლიდან ტასმანიამდე. ის რაღაც გაცილებით პრიმიტიული და უცნობი იყო.

განსაკუთრებით კი მისი უჩვეულო ძირითადი კბილები მოღუნული ემალის გამონაშვერებით, რაც მას ყველა სხვა ცნობილი კენგურუსგან გამოარჩევს. მკვლევრებმა სახეობა სრულიად ახალ, ახალი გვინეისთვის უნიკალურ გვარს მიაკუთვნეს, სახელი შეუცვალეს და Nombe nombe უწოდეს.

აღმოჩენა აჩვენებს, რომ Nombe შეიძლება ჩამოყალიბდა კენგურუს იმ უძველესი ფორმისგან, რომელიც ახალ გვინეაში ავსტრალიიდან მიოცენის ეპოქის ბოლოს, დაახლოებით 5-8 მილიონი წლის წინ გადავიდა.

იმ პერიოდში, კუნძული ახალი გვინეა და ავსტრალია ზღვის დაბალი დონის გამო ერთმანეთს ხმელეთის მონაკვეთით უკავშირდებოდა, იმ ადგილში, სადაც დღეს მათ ერთმანეთს ტორესის სრუტე აცალკევებს.

ხმელეთის ამ „ხიდმა“ ადრეულ ავსტრალიურ ცხოველებს, მათ შორის მეგაფაუნას, ახალი კვინეის ტროპიკულ ტყეებში მიგრაციის საშუალება მისცა. როდესაც ტორესის სრუტე კვლავ დაიტბორა, ცხოველთა ეს პოპულაციები თავიანთ ავსტრალიურ ნათესავთაგან განცალკევებული აღმოჩნდნენ და განცალკევებულად განვითარდნენ, რათა ახალი სამშობლოს ტროპიკულ და მთიან გარემოს მორგებოდნენ.

მკვლევრები ახლა უკვე მიიჩნევენ, რომ Nombe იმ უძველეს კენგურუთა ერთ-ერთი ხაზის შთამომავალია. ეს ჩასკვნილი, მძლავრი ცხოველი მთის მრავალფეროვან ტროპიკულ ტყეში ცხოვრობდა. ჭამდა ხეებისა და ბუჩქების უხეშ ფოთლებს, რის გამოც, მას სქელი ყბის ძვლები და ძლიერი საღეჭი კუნთები ჩამოუყალიბდა.

ეს სახეობა ამჟამად მხოლოდ ქვედა ყბის ორი ნამარხი ძვლით არის ცნობილი. გაცილებით მეტი ნაშთი კი ჯერ აღმოსაჩენია. დახტოდა თუ არა Nombe დღევანდელი კენგურუებივით? რატომ გადაშენდა?

როგორც პალეონტოლოგიაში ხდება ხოლმე, ერთი აღმოჩენა მრავალ ახალ კითხვას აჩენს.

უცნაური, მაგრამ ნაცნობი ცხოველები

ახალი გვინეის მიღმა, ამ კუნძულის ენდემური ცხოველური სიცოცხლის შესახებ ძლიერ ცოტა რამ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძლიერ უცნაური და საინტერესოა.

იქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ძლიერ უცნაურ ცხოველებს. მათ შორის არის დიდი, გრძელცხვირა, მატლების მჭამელი ექიდნას რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ერთი 15 კილოგრამს იწონის.

ასევე არიან ჯუჯა კაზუარები და მრავალი სხვადასხვაგვარი ჩანთოსანი ვალაბი, კენგურუსა და ოპოსუმის სამი ისეთი სახეობა, რომლებიც ავსტრალიაში არ არსებობს. გაცილებით მეტი კი უბრალოდ ნამარხებიდან ვიცით.

ეს ცხოველები უდავოდ ავსტრალიურია, მაგრამ ახალ გვინეაში მათ სხვა, დამაინტრიგებელი ფორმები აქვთ მიღებული.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.