ეროვნულ უმცირესობათა საბჭო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ.

საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ასურული, ებრაული, ლიტვური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტურ/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლებმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს და რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდეს.

საბჭოს წევრი ორგანიზაციების მიმართვა მედიას სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ გააცნო.

„ცხედრის გადაუცემლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ყველა ცივილიზებული ერისა და რელიგიის წეს-ჩვეულებებს და ნაკისრ ღირებულებებს, მათ შორის უხეშად არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს, რითაც ყველა კავკასიური ეთნოსი ამაყობს. მივმართავთ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ მოვუწოდოთ შესაბამისი გავლენის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს. ასევე, მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რათა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცივილიზებულ სამყაროს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და შეიმუშაონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 40-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.