ექიმის ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროზე დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს
გუდაურში საბაგიროზე დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკიდან ორი პაციენტი უკვე გაეწერა და ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი დაშავებული მკურნალობს.
„ხუთი პაციენტიდან ოთხი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ კლინიკას დატოვებენ.
ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. მისი მდგომარეობაც სტაბილურია და აპარატიდან, ალბათ, რამდენიმე საათში მოიხსნება, ვითარებას ჩვენ სტაბილურად განვიხილავთ.
აღნიშნულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემლის მალის დაზიანებაზე, ასევე მხარი და ლავიწი იყო დაზიანებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სტაბილურია.
დანარჩენებს აქვს მცირედი დაზიანებები დაჟეჟილობები, რომელიც განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“ გადაიყვანეს.
ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მათგანი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მა გამოძიება დაიწყო.