ექიმი - გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალი კლინიკიდან უახლოეს მომავალში გაეწერება, მიზანშეწონილია ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს
ექიმი - გუდაურში დაშავებული ფეხმძიმე ქალი კლინიკიდან უახლოეს მომავალში გაეწერება, მიზანშეწონილია ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს

შვედი ქალბატონის გაწერა კლინიკიდან უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა მისი ორსულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს, – ამის შესახებ პირველ არხს „მედიქლაბის“ გადაუდებელი დახმარების ექიმმა მაკა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია

„ჩვენ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას ერთი პაციენტი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გრძელდება სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი და გეგმიური მკურნალობა.უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი გაწერა. კლინიკური გართულება მოსალოდნელი არ არის. მისი ორსულობის სტატუსით და ტრავმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს“,- განაცხადა ექიმმა.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.  რვა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – შვიდი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“.  ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.