ელენე თავაძე - შობადობის კლების რიგში მეც ვდგავარ და მარტო სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, თუ თავად არ გადავწყვეტთ, ბევრი შვილი გავაჩინოთ
უნდა ვაღიარო, რომ შობადობის კლების რიგში მეც ვდგავარ და მარტო სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, თუ ჩვენ თვითონ არ გადავწყვეტთ, ბევრი შვილი გავაჩინოთ, – ამის შესახებ კინოპროდიუსერმა და პირველი არხის კორესპონდენტმა, ელენე თავაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მე ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი შვილი მყავს, ალბათ, ფინანსური ფაქტორია. ერთი შვილის ფონზეც კი, ჩვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა უკვე ისეთი დეტალები შემოიჭრა, რომლებზეც თვალის დახუჭვა მიწევს“, – განაცხადა თავაძემ.
კინოპროდიუსერმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან უნდა, ოთხი-ხუთი შვილი ჰყავდეს და იმედოვნებს, ეყოლება კიდეც, მაგრამ როცა მეორე და მესამე შვილის გაჩენაზე ფიქრს იწყებს, ყოველთვის ფიქრობს, შეძლებს თუ არა მათთვის კარგი განათლების მიცემას.
„ყოველთვის ვფიქრობ, შევძლებ თუ არა, მათ ის განათლება მიიღონ, რაც სამწუხაროდ, მე ვერ მივიღე, რადგან შეძლებული მშობლები არ მყავდა. მათ სასწავლებლად საზღვარგარეთ ვერ გამიშვეს, რათა მესწავლა ის, რასაც ახლა ჩემი შემოსავლით ვწვალობ და ვსწავლობ. შესაბამისად, ჩემს ოჯახს, შვილს და მომავალ შვილებს აკლდებათ ის, რასაც ჯერჯერობით, ისევ საკუთარ თავს ვახმარ. ცოტა ეგოისტურად გამომდის, მაგრამ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მინდა, ეს განვითარება დავასრულო, რათა მერე აღარ გამიჭირდეს და იმაზე აღარ ვიფიქრო, რომ შვილს განათლებას ვერ მივცემ“, – განაცხადა თავაძემ.
როგორც ელენე თავაძემ აღნიშნა, თუ საქართველოში განათლების დონე ამაღლდება, შვილებს განათლებას საქართველოში მისცემს და ოთხ შვილს მაინც აუცილებლად იყოლიებს.
პირველი არხის კორესპონდენტმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია, ოჯახში შვილების გაჩენა დაიგეგმოს, რადგან შვილების სპონტანურად, მოკლე ინტერვალში გაჩენა სამწუხაროდ, ქალის უფრო მეტად გაღიზიანებას და ოჯახის დაშლას იწვევს.