მარიამ გიორგობიანი - მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ხარისხიანი განათლება, რათა ამან შემდგომში მისი მომავალი უზრუნველყოს
მარიამ გიორგობიანი - მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ხარისხიანი განათლება, რათა ამან შემდგომში მისი მომავალი უზრუნველყოს

მთავარი არ არის, სამოქმედო გეგმა არსებობდეს, მთავარი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა და სამოქმედო გეგმის მიღებამდე პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და საერთაშორისო სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, მარიამ გიორგობიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა პრობლემის წინაშე ვდგებით, მისი გამომწვევი ფაქტორები უნდა შევისწავლოთ და სამოქმედო გეგმის მიღებამდე მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს. მთავარია მოქმედება და არა სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ამ განცხადებით მარიამ გიორგობიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ტიპის ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რათა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისი სამოქმედო გეგმა ეფექტიანი აღმოჩნდეს.

მისი თქმით, შობადობის შემცირების პრობლემა სამხრეთ კორეასაც ჰქონდა, სადაც ეს პრობლემა საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებით მოგვარდა.

„ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ხარისხიანი განათლება, რათა ამან შემდგომში მისი მომავალი უზრუნველყოს. შობადობასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემა ჰქონდა სამხრეთ კორეას, სადაც გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შვილების განათლება და ჯანდაცვა იყო. ამ ქვეყანამ შობადობის შემცირების პრობლემა იმით მოაგვარა, რომ საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილა“, – განაცხადა მარიამ გიორგობიანმა.