მარიამ გიორგობიანი - ქალი რაც უფრო მეტადაა დაკავებული, საკუთარ თავთან უფრო მეტ ჰარმონიაშია, თავს სრულყოფილად გრძნობს და ამ მხრივ შვილს გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე სახლში ჯდომით 
მარიამ გიორგობიანი - ქალი რაც უფრო მეტადაა დაკავებული, საკუთარ თავთან უფრო მეტ ჰარმონიაშია, თავს სრულყოფილად გრძნობს და ამ მხრივ შვილს გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე სახლში ჯდომით 

ქალი რაც უფრო მეტადაა განვითარებული და დაკავებული, საკუთარ თავთან უფრო მეტ ჰარმონიაშია, თავს სრულყოფილად გრძნობს და ამ მხრივ შვილს გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე სახლში ჯდომით და სახლის საქმეების მოგვარებით, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და საერთაშორისო სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, მარიამ გიორგობიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„წლების წინ ქალის უმთავრესი ფუნქცია იყო, კარგი დიასახლისი ყოფილიყო და ოჯახისთვის სადილი მოემზადებინა. მოგვიანებით, ეს ტენდენცია შეიცვალა და ეს სტერეოტიპიც დაინგრა, რასაც ძალიან მივესალმები, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალი შეიძლება იყოს ძალიან კარგი დიასახლისიც, დედაც, მეუღლეც, მმართველიც, იურისტიც, ეკონომისტიც და ა.შ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ამ განცხადებით მარიამ გიორგობიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ხომ არა არის შობადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ქალის როლის გაძლიერება და მისი სოციალურ ცხოვრებაში გააქტიურება.

მისი თქმით, ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. 16 წლის ასაკში ოჯახის შექმნა კარგი არ არის და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქორწინებები უკვე უფრო გვიან ასაკში ხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ქალს შეუძლია, შვილი უფრო გააზრებულ ასაკში გააჩინოს და დედა უფრო გააზრებულად გახდეს.

„16 წლის ასაკში ადამიანს დილით ჩასაცმელი სამოსიც არჩევაც კი არ შეუძლია და ამაშიც ორჭოფობს. მას არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, თუ რა პროფესია აირჩიოს. ჩემს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე ჩააბარებენ და ორ წელიწადში პროფესიას იცვლიან. ანუ, ადამიანს ინტერესები ეცვლება და როგორ შეიძლება აირჩიო პარტნიორი, რომელთანაც გინდა, მთელი ცხოვრება იცხოვრო?!“, – განაცხადა მარიამ გიორგობიანმა.