ირინა ესვანჯია - ფინანსური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოგრაფიულ პრობლემას ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ
ირინა ესვანჯია - ფინანსური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოგრაფიულ პრობლემას ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ

ფინანსური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოგრაფიულ პრობლემას ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ, – ამის შესახებ პერსონალურმა ბანკირმა, ირინა ესვანჯიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე სამი შვილის დედა ვარ. მესამე შვილი საზღვარგარეთ შემეძინა, სადაც ბავშვისთვის კარგი გარემო იყო შექმნილი. იქ იყო ძალიან ბევრი გამწვანება და ისეთი ადგილი, სადაც ბავშვების გასეირნება შეგვეძლო; ბავშვის ეტლით გასეირნებისას ტროტუარებზე გაჩერებული მანქანები არ გვხვდებოდა და ა.შ“, – განაცხადა ესვანჯიამ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი ფაქტორია, რაც ქალს ბევრი შვილის გაჩენაში ხელს უშლის.

„მაგალითად, მეოთხე შვილის გაჩენამდე მე ისიც მაფიქრებს, რომ ჩვენთან ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ ადგილას ვცხოვრობ, სადაც ფანჯრის გაღებისას მტვერი და გამონაბოლქვის სუნი ერთად შემოდის. სამსახურში ყოფნისას ფანჯრიდან ვუყურებ ტროტუარებზე ჩამწკრივებულ მანქანებს, რის გამოც ქალები საბავშვო ეტლით ვერ მოძრაობენ და ა.შ“, – განაცხადა ესვანჯიამ.

ამ განცხადებით ირინა ესვანჯიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ საზოგადოებაში სასურველი რეპროდუქციული განწყობა ჩამოყალიბდეს და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ახალგაზრდებს ბევრი შვილის გაჩენის მოტივაცია გაუჩნდეთ.

როგორც ირინა ესვანჯიამ აღნიშნა, ხშირად, ახალგაზრდებს ეშინიათ, რომ თუ შვილს გააჩენენ, მათი სწავლა და კარიერა დასრულდება, მაგრამ ეს ასე არ არის და მთავარი პრიორიტეტების დალაგებაა.

„უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ბოლო ზარზე უკვე ორსულად ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არაფერში შეუშლია. ჩემი უფროსი შვილი 15 წლისაა და ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ამხელა შვილი მყავს“, – განაცხადა ირინა ესვანჯიამ.