დიმიტრი ხუნდაძე - ხანდაზმულთა რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას, ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს
დიმიტრი ხუნდაძე - ხანდაზმულთა რაოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას, ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს

დემოგრაფიული პოლიტიკა პოლიტიკების პოლიტიკაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ შობადობა და აბორტების მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივები, ან რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში აბორტების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. დემოგრაფიული პოლიტიკა ძალიან ბევრ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებას გულისხმობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შობადობა, რომელიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვთა რაოდენობას პრაქტიკულად, რამდენიმეჯერ ჭარბობს და ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს ნეგატიური პროცესი არ არის, რომ ვთქვათ, შევაჩეროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკას სწორი მართვა სჭირდება, რათა სხვა რისკებთან ერთად საბიუჯეტო რისკებიც არ იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ასევე აუცილებელია, დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკა განხორციელდეს, რადგან ბოლო პერიოდში მიგრაციული პროცესები არაგეგმაზომიერად მიმდინარეობს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დიდ ქალაქებში, ძირითადად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია გადამისამართებული.

„ჩამოყალიბებულია თბილისიზაცია. პრაქტიკულად, ყველა თბილისში ცხოვრობს და დაცლილია მაღალმთიანი რეგიონები, სასაზღვრო ზოლი“- განაცხადა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას არა მხოლოდ რიცხოვნობა, არამედ განათლებული თაობა სჭირდება და სახელმწიფომ მხოლოდ რიცხოვნობის გაზრდაზე არ უნდა იზრუნოს.

„კონცეფცია, რომელიც ჩემი ავტორობით გუნდთან ერთად იქნა შემუშავებული, არის სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ შემდეგ პერიოდში, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროცესები დასტაბილურებული, რისკები კი მინიმალიზებული იქნას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პერიოდისთვის უნდა ველოდოთ სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას და პირველად შედეგებს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტმა სამოქმედო გეგმაზე წინსწრებით იმუშავა და გეგმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია, მაგრამ ამან სამთავრობო, საბჭოს ფილტრი უნდა გაიაროს და დაიგეგმოს, თუ რა რის შემდეგ განხორციელდეს.