თამარ ჩიბურდანიძე - დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება
თამარ ჩიბურდანიძე - დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება

ეროვნული საბჭოს მიერ კონკრეტული მიმართულებებით მომზადდება სამოქმედო გეგმა, რამაც პოლიტიკის დონეზე უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, რომლებიც უკვე გამოკვეთილია, – განაცხადა დემოგრაფმა, თამარ ჩიბურდანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„კონცეფციაში ერთ-ერთ მთავარ მუხლად ჩაწერილია, რომ დემოგრაფიული პრობლემების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოხდეს, რასაც უკვე ეროვნული საბჭო აღასრულებს. ამაში ყველა მედია საშუალება უნდა ჩაერთოს. როდესაც ქვეყანა უდიდესი ეროვნული პრობლემის წინაშე დგას, მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები ვალდებული არიან, პრობლემები მოქალაქეებამდე მიიტანონ. მე თვალს ვადევნებ თქვენს გადაცემებს და ვიცი, რომ ამ პასუხისმგებლობას გრძნობთ, რისთვისაც პირადად თქვენ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მინდა, ეს პასუხისმგებლობა ყველა მედია საშუალებამ იგრძნოს, რომ მოსახლეობამდე უდიდესი ეროვნული პრობლემა მიიტანონ“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ამ განცხადებით თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გეგმები აქვს მთავრობის მიერ შექმნილ მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შობადობის წასახალისებლად.

როგორც დემოგრაფმა აღნიშნა, პარადოქსია, მაგრამ დემოგრაფიული პრობლემები ევროპაში, უძლიერეს სახელმწიფოებშიც მძვინვარებს, რომლებიც უკიდეგანო თანხებს ხარჯავენ, რათა დემოგრაფიული პრობლემები მოაგვარონ, რადგან ტიტულოვანი ერები მსოფლიო რუკიდან ფაქტობრივად, ქრებიან.

მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის ყველაზე მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება.

„ეს საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, იაპონიამ დღეს აღიარა, რომ მათთან დემოგრაფიული პრობლემები მხოლოდ იმიტომ მძვინვარებს, რომ მათში ეროვნული ცნობიერება დაქვეითდა. მთავარი მიზეზი საქართველოშიც ეს არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზები არ არსებობს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიგრაცია, ახალგაზრდების სრულყოფა, რეპროდუქციულ ასაკში მათი ჩამოყალიბება და სხვა“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.