დიმიტრი ხუნდაძე - საზოგადოებამ დემოგრაფიის კუთხით განხორციელებული ინიციატივების შესახებ არ იცის, რადგან მედია ასეთი საკითხებით ნაკლებად ინტერესდება
დიმიტრი ხუნდაძე - საზოგადოებამ დემოგრაფიის კუთხით განხორციელებული ინიციატივების შესახებ არ იცის, რადგან მედია ასეთი საკითხებით ნაკლებად ინტერესდება

სამწუხაროდ, საზოგადოებამ დემოგრაფიის კუთხით აქამდე განხორციელებული ინიციატივების შესახებ არ იცის, რადგან მედია ასეთი საკითხებით ნაკლებად ინტერესდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ჯერ კიდევ 2013 წელს, დეკრეტული შვებულებების მიმართულებით, მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილებები იქნა შეტანილი და გაიზარდა როგორც ანაზღაურების ნაწილი და ანაზღაურებადი დღეების რაოდენობა, ასევე არაანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც. 2014 წელს ამოქმედდა შობადობის წახალისების პროგრამა. ეს არის ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაფინანსების პროგრამა. სანამ ბავშვი ორი წლის არ გახდება, ბარში ყოველთვიურად 150 ლარით ფინანსდება, მთაში კი, ექვს კრიზისულ რეგიონში, სადაც შობადობას სიკვდილიანობა სჭარბობს, 200 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ აღნიშნული პროგრამებით, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ აქტივობების შედეგად 2016 წელს საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობის ქვეყნად დაფიქსირდა.

„აქვე უნდა ითქვას, რომ 2017-2018 და შემდეგ წლებშიც დაბალი შობადობის რეჟიმი იქნება, რადგან წინა დემოგრაფიული თაობა კრიზისული იყო და გოგონათა რაოდენობა განახევრებული გახლდათ, დედების განახევრებული რაოდენობა კი ბავშვების განახევრებულ რაოდენობას შობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.