ეკა დგებუაძე - დამტკიცდა ინკლუზიური განათლების წესი, რომელმაც ყველა ის პროცესი დაარეგულირა, რაც საჯარო სკოლაში მიმდინარეობს
ეკა დგებუაძე - დამტკიცდა ინკლუზიური განათლების წესი, რომელმაც ყველა ის პროცესი დაარეგულირა, რაც საჯარო სკოლაში მიმდინარეობს

დღეს ქვეყანას არ ჰყავს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ისეთ ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფენ, როგორიც გვინდა, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს მივაწოდოთ, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ეკა დგებუაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, სისტემაში კვალიფიციური კადრები უნივერსიტეტის დონეზე გვყავდეს. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, რომ უნივერსიტეტებთან შესაბამისი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამები გაჩნდეს, რათა არსებული სპეციალისტები გავზარდოთ“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, დამტკიცდა ინკლუზიური განათლების წესი, რომელმაც ყველა ის პროცესი დაარეგულირა, რაც საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

„გავაკეთეთ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი, ვინც ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლაში ადამიანური რესურსის, სპეციალისტის მხარდამჭერი იყოს. ესაა პერსონალური ასისტენტი, მობილობა–ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი. ჩვენ ვაღიარეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, სწორედ ასეთი სპეციალისტები სჭირდებათ, მაგრამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს პერსონალური ასისტენტი და არ არსებობს სკოლა, რომელიც ამ სპეციალისტს გაზრდის. სწორედ ამიტომ, დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ შესაბამისი პროგრამა შევქმნათ, რათა ხვალ, ბავშვებს ასეთი სპეციალისტები ჰყავდეთ“, – განაცხადა დგებუაძემ.

როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, იმ ბავშვების აკადემიური მოსწრება, ფუნქციური და სოციალური უნარები უფრო მეტად არის განვითარებული, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან. ამიტომ, ბაღიდან სკოლაში, თუ ოჯახიდან სკოლაში ტრანზიცია აუცილებლად უნდა ხდებოდეს.

„ჩვენ ახლა დავიწყეთ ახალი, სასკოლო მზაობის კლასიდან სკოლაში ტრანზიციის პროგრამა, რაც საბავშვო ბაღებს დაეხმარება, ზოგადი განათლების საფეხურზე ბავშვების ტრანზიცია მოახდინონ“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, სერვისების არსებობა ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების საფეხურზეც ისევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვის სისტემაში.

„დღეს ინტეგრირებული კლასების სახით შევქმენით სერვისები, რაც აუტიზმის, სმენადაქვეითებული და მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებისთვის არის. ეს მხარდამჭერი სერვისია, რასაც ბავშვი საჯარო სკოლის სივრცეშივე იღებს, რათა მისი ინტეგრაცია–სოციალიზაცია მოხდეს“, – განაცხადა დგებუაძემ.

როგორც განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ინტეგრირებული კლასები მშობლების მიმართვის საფუძველზე იხსნება და თუ მაქსიმუმ, ხუთი მიმართვა მაინც იქნება, ახალი კლასი იხსნება. ამისთვის სკოლის ადმინისტრაციის მზაობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მუშაობა ძალიან ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს და შესაძლოა, შედეგი დღეს არ დგება, მაგრამ ხვალ დადგება.