ეკატერინე დგებუაძე - ჩვენი მიზანია სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნება
ეკატერინე დგებუაძე - ჩვენი მიზანია სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო. მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად სკოლები მოინახულეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფარცვანიამ.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა-სწავლება ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს სკოლების მონიტორინგის პროცესს, ასევე, გრძელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლების მონიტორინგს, როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ასევე, სამინისტროს სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პანდემიის პირობებში საგანგებოდ შემუშავებული ფორმის საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

დატოვე კომენტარი