ეკა დგებუაძე - მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული
ეკა დგებუაძე - მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული

მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ განათლების სამინისტროს მხრიდან არის გაცემული. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს სკოლაში სასწავლო დღის დაწყების დრო. მას შეუძლია, დაიწყოს დილის 09:00 საათზე და ყოველი 15 წუთის შემდეგ განსაზღვროს კლასებისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება. ჩავთვალეთ, რომ ყველა სკოლას აქვს თავის ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რათა თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის, მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ, სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. ამასთან, სკოლას შეუძლია, გამოიყენოს შაბათი დღეც“, – განაცხადა დგებუაძემ.