ეკა დგებუაძე - საჯარო სკოლებში 2023 წლამდე სამედიცინო პუნქტები უნდა განთავსდეს
ეკა დგებუაძე - საჯარო სკოლებში 2023 წლამდე სამედიცინო პუნქტები უნდა განთავსდეს

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში 2023 წლამდე სამედიცინო პუნქტები უნდა განთავსდეს.

როგორც ეკა დგებუაძემ განაცხადა, ინიციატივა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან კომუნიკაციის შემდეგ მოამზადა.

მისივე თქმით, ინიციატივის მიხედვით, ექიმის ფუნქცია-მოვალეობები მრავალფეროვანი გახდება. გარდა იმისა, რომ გასცემს რეკომენდაციებს სამედიცინო მიმართულებით, ექიმს ასევე მოუწევს იზრუნოს ჰიგიენის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

„არსებული ინიციატივა გულისხმობს, რომ 2023 წლამდე ყველა საჯარო სკოლაში გაჩნდეს სამედიცინო პუნქტი. სავალდებულოდ არის განსაზღვრული ასევე ექიმის სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება, თუმცა დღეს განათლების სისტემაში, კერძოდ, საჯარო სკოლებში, 500-მდე სკოლაში გვაქვს სამედიცინო ოთახი, დასაქმებულია ამდენივე ექიმი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გადავხედეთ ექიმის არსებულ მარეგულირებელ დოკუმენტს, აღმოჩნდა, რომ მისი ფუნქციები კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, მუშავდება ახალი ექიმის სტანდარტი, მისი ფუნქციები კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება. მოგეხსენებათ, სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით,  სკოლის მოვლა-პატრონობის ნაწილში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, ასევე ექიმის ფუნქციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითანამშრომლეთ აქტიურად, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტთან, შესაბამის კომიტეტთან და სწორედ ის ჩანაწერი, რომლის ინიცირებაც მოხდა, შეთანხმებულია. ეს პროცესი დაწყებულია დაახლოებით 2020 წლის თებერვლის თვიდან, რადგან ექიმის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც დღეს არსებობს, უნდა გასცდეს იმ ვალდებულებას, რომელიც დღეს აკისრია ექიმს სკოლაში“, – განაცხადა დგებუაძემ.

ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ასევე გაიწერება მედიკამენტები, რომელიც სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„დაზუსტდება ის მედიკამენტები, რომელიც უნდა არსებობდეს სკოლაში და ეს მოჰყვება სწორედ იმ დოკუმენტებს, რომელიც შემუშავდება კანონში ცვლილების მიღების შემდეგ. თუმცა, დღესაც არსებობს ჩამონათვალი იმ მედიკამენტების, რომელიც უნდა არსებობდეს სკოლაში“, – განაცხადა დგებუაძემ.

დატოვე კომენტარი