ეკა დგებუაძე - სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ
ეკა დგებუაძე - სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ

სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ, – ამის შესახებ განათლების მინისიტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებს უფლება აქვთ, სასწავლო დღედ შაბათიც გამოიყენონ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ განათლების სამინისტროს მხრიდან არის გაცემული. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა თვითონ განსაზღვროს სკოლაში სასწავლო დღის დაწყების დრო. მას შეუძლია დაიწყოს დილის 9:00 საათზე და ყოველი 15 წუთის შემდეგ განსაზღვროს კლასების და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველა სკოლას აქვს თავის ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუსაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ასევე, ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. ამასთან, სკოლას შეუძლია გამოიყენოს შაბათი დღეც“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, ეკა დგებუაძის განცხადებით, ყველა მოსწავლეს საკლასო ოთახში დახვდება სახელმძღვანელოები და ასევე, პირველ კლასელებს კომპიუტერები.

„გარდა ამისა, ჩვენ ვემზადებით საინფორმაციო კამპანიისთვის, დავდივართ საჯარო სკოლებში და ვეხმარებით ყველა სკოლას, მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო შემუშავებული, შესრულდეს. ასევე, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც არის განსაზღვრული არა მარტო საჯარო სკოლის, ადმინისტრაციის, სკოლის და მოსწავლეებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და მშობლებისთვის. ასევე, მოხდება შეხვედრები მშობლებთან, იქნება ვიდეორგოლები, რომლებიც დაეხმარება სწორედ სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს მიჰყვეს იმ რეკომენდაციას, რომელსაც სთავაზობს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო“, – განაცხადა დგებუაძემ.

დატოვე კომენტარი