ეკა დგებუაძე - წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობა
ეკა დგებუაძე - წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, დღეს განათლების სისტემის პრიორიტეტი არის სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მოწესრიგება და ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის, სკოლის ადმინისტრაციისა, თუ ტექნიკური პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამიტომ დღეს განათლების სისტემის პრიორიტეტი არის სკოლებში ჰიგიენა-სანიტარიის მოწესრიგება და ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა. ამ მიმართულებით წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოწესრიგდა საპირფარეშოები და ზოგადად, ჰიგიენა-სანიტარიის ნაწილი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანეთ. გავხსენით 15 ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა.

სკოლები უზრუნველყოფილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ჰიგიენურ-სანიტარიული საშუალებებით, უზრუნველყოფილია წყლით და სხვა. ამიტომ მინდა, მშობლები დავამშვიდო და განვაცხადო, რომ ამ მიმართულებას მკაცრად აკონტროლებს განათლების სამინისტრო, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება მასწავლებლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებას, სკოლა მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან გვაძლევენ. თუ სკოლაში მასწავლებელს ან სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა ინფექცია, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ ატყობინებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს. მუნიციპალური თუ დიდი ქალაქების დონეზე სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად ხდება სკოლის ან ერთი კონკრეტული კლასის გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.