ეკა ბესელია - ყველა ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მყისიერად იწყება
ეკა ბესელია - ყველა ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მყისიერად იწყება

ტენდენცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მმართველობის ფორმას წინა, ძალიან ცუდი პრაქტიკისგან აბსოლუტურად განასხვავებს არის ის, რომ ყველა ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მყისიერად იწყება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ოთარ კახიძე ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტის დროულ გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომელიც ინციდენტში ფიგურირებდა.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, შესაძლოა, ყველა საქმე არ არის დასრულებული, მაგრამ მათი უმეტესობა პრაქტიკულად დასრულებულია და ვიცით, რა მოხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ძალადობას მასიური და ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა, არც ერთი საქმე გამოძიების დონეზე არ მახსოვს, ფორმალურად დაწყებულიც კი. ობიექტურები რომ ვიყოთ, ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ. ეს იქნება ჩვენი მომხრე, პარტიის წევრი თუ თანამდებობის პირი, შემიძლია რამდენიმე მაგალითი დაგისახელოთ, სადაც პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. ცოტა ხნის წინ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დააპატიმრეს. ასეთი ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ და თქვენ ვერ მეტყვით ვერც ერთ მაგალითს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მსგავსი პრეცედენტი ერთხელ მაინც შეიქმნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველო“ ადიგენში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება სოფელ ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შუამთობის დღესასწაულის შემდეგ სტადიონზე მომხდარ ინციდენტს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სტადიონზე მმართველი პარტიის რამდენიმე ათეული წევრი ​ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდა და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდა.  საპასუხოდ, ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ განაცხადა, რომ ინციდენტთან „ქართული ოცნებას“ კავშირი არ აქვს. მომხდარს გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც აცხადებენ, რომ ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.