„ევროპული საქართველო“ ადიგენში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ადიგენში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს

ორი დღის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა „ევროპულ საქართველოში“.

პარტიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ადიგენში „ევროპული საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად მმართველი გუნდის აქტივისტები და მხარდამჭერები იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის სტადიონზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველებას სცდილობდა.

ოთარ კახიძე ფაქტის დროულ გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომელიც ინციდენტში ფიგურირებდა.

„მომხდარი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ ამ წლების განმავლობაში დათესილი პოლიტიკური სიძულვილის პირდაპირ შედეგს. ამავე დროს, ამგვარი ძალადობა არის პირდაპირი გაგრძელება დაუსჯელი ძალადობის, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბორჯომში. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან კანონის შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე. მათ მიწოდებული აქვთ ყველა ინფორმაცია და იდენტიფიცირებულები არიან თავდამსხმელები. ზურაბ შაინიძეს „ოცნების“ აქტივისტებმა იმდენად სცემეს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დეპუტატს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქმე ეხება სოფელ ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შუამთობის დღესასწაულის შემდეგ სტადიონზე მომხდარ ინციდენტს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სტადიონზე მმართველი პარტიის რამდენიმე ათეული წევრი ​ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდა და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდა.  საპასუხოდ, ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ განაცხადა, რომ ინციდენტთან „ქართული ოცნებას“ კავშირი არ აქვს. მომხდარს გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც აცხადებენ, რომ ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.