„ხალხის ძალა“ - გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაველოდებით და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ
„ხალხის ძალა“ - გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაველოდებით და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ

სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, გლობალური ომის პარტიის დავალებით, როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს“, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოითხოვენ.

„„Ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ერთი მხრივ, რამდენად უხეშად აკონტროლებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მედიას და, მეორე მხრივ, როგორ ეშინოდა მას იმ დღეების გახსენების. თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებები სრულად მაინც ვერ გაანადგურა. ჩვენმა გუნდმა დაამუშავა მასალები, მათ შორის კიდევ ერთხელ გააანალიზა ჯონ მაკკეინის, რიჩალდ მაილსის, ჰაიდი ტალიავინის, ნიკოლა სარკოზის, რადოსლავ სიკორსკის, წინა ხელისუფლების და დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების – მიხეილ სააკაშვილის, ზაზა გოგავას, კახა ლომაიას, ლადო გურგენიძის, გუბაზ სანიკიძის, შალვა ნათელაშვილის, აკია ბარბაქაძის, დავით და ლევან ბერძენიშვილების, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტურა, არამედ მისი შეგნებული ნაბიჯი იყო.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საქართველოში აგენტოკრატია იყო ჩამოყალიბებული და ქვეყანაში ყველა პროცესი გარე პატრონის კარნახით წარიმართებოდა, ისიც სრულიად ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს არა თავისი მოკლე და ბნელი ჭკუით, არამედ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ გლობალური ომის პარტია 2008 წლის ომის მთავარ ამსრულებელს, პოლიტიკურად გაკოტრებულ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ვერ ელევა და, ქართული თუ უცხოური აგენტურის ხელით, დროდადრო მისი გათავისუფლების თემის აქტუალიზებას ცდილობს. რიტორიკა შეაცვლევინეს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც ხმამაღლა ნათქვამი „არა და არასოდეს“ სამარცხვინოდ უკან წააღებინეს და სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაზე დააწყებინეს ლაპარაკი. აგენტი როცა ხარ, შენ სიტყვას ერთი ცენტის ფასი არა აქვს, რადგან თითოეულ შენს მოქმედებას პატრონი განაგებს. შესაბამისად, ღირსებას ნებისმიერ წამს აგყრიან, როცა ეს პატრონს დასჭირდება. ასე დაემართა სალომე ზურაბიშვილსაც, რომელმაც ორიოდე წლის წინ გლობალური ომის პარტიის აგენტობას და ამით საკუთარი ღირსების აყრას მოაწერა ხელი.

ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუმცა გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, ეს ჩვენთვის იქნება ბოლო წვეთი, ასეთ შემთხვევაში არჩევნებს აღარ დაველოდებით და გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გამოსაძიებელი ბევრი არც არაფერია, რადგან „„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და სამშობლოს ღალატი ისედაც ხელისგულზე დევს“.

„ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ომის დაწყება არაერთგზის დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტია თანხმდებიან, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, ამ ფაქტის გახსენება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს ეკრძალებათ. საქართველოს ხელისუფლება წლების მანძილზე მართლაც თავს იკავებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულსა და სამშობლოს ღალატზე საუბრისგან. ამის მიზეზი იყო სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, სადაც ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ედავებოდნენ. ეს სასამართლო პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში რომ ყოფილიყო, შედეგი იმის ანალოგიური იქნებოდა, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა. თუმცა მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლო და ქართული ჯარი სრულად დაიცვა უსამართლო ბრალდებებისგან. ახლა, როდესაც სასამართლო პროცესები დასრულებულია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი. მეტიც, ამ დანაშაულზე ღიად საუბარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე, რათა მომავალში აღარავის დარჩეს იმის განცდა, რომ სამშობლოს ღალატი დაუსჯელი დარჩება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული პიროვნული ზიზღი აქვს. ეს ზიზღი სათავეს იმ მომენტიდან იღებს, როცა სააკაშვილმა ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. გარდა ამისა, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, როდესაც ის 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში ამხილა. ასეთ პირობებში ცხადია, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა. ასეთ რამეს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ და შეწყალების შემთხვევაში ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, თუ გლობალური ომის პარტიის დავალებით როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ განცხადებაში ასევე მოყვანილია სხვადასხვა პოლიტიკოსის ციტატები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„ჯონ მაკკეინი: „საქართველოში სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა კონფლიქტის ინიცირებით“; რიჩარდ მაილსი: „პრეზიდენტ სააკაშვილს რომ მთელი აღჭურვილობა არ ეყიდა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაერთო. 2008 წლის აგვისტოში გეგმა უკეთ იყო შემუშავებული, კოორდინირებული და მომზადებული, მაგრამ რუსეთი იყო ამ ქმედების მოლოდინში. დიახ, პროვოცირებას ახდენდა რუსეთი, პროვოცირებას ახდენდა სამხრეთ ოსეთიც, მაგრამ შეიჭრა საქართველო, რის შედეგადაც გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა“; ჰაიდი ტალიავინი: „ომი საქართველომ დაიწყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე მძიმე საარტილერიო შეტევა განახორციელა“; ნიკოლა სარკოზი: „მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დაეძაბა და რუსი დათვი გაეღვიძებინა“; რადოსლავ სიკორსკი: „სააკაშვილმა 2008 წელს საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა რუსეთს და პირველმა გაისროლა“; მიხეილ სააკაშვილი: „მინდა, გითხრათ ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეღო, აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“; ზაზა გოგავა: „ჩვენი გათვლებით, პირველი ფაზა უნდა მორჩენილიყო, ყველაზე მაქსიმუმ, 12 საათში, რადგან ეჭვებისა და იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლებოდა, ჩვენს მეზობელს, იმავე შემდეგ უკვე პოტენციურ მოწინააღმდეგეს, რუსეთს გამოეყენებინა თავისი შეიარაღებული ძალები და პირისპირ აღმოვჩნდებოდით მათთან, ეს სისწრაფე საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოზიციები დაგვეკავებინა“; კახა ლომაია: „ცხინვალის რეგიონს ვათავისუფლებთ სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმისგან“; ლადო გურგენიძე: „მთავარია, ჩვენ მივაღწიოთ სიმშვიდეს, თუნდაც ამ მეთოდით, რა მეთოდითაც მოგვიწია“; გუბაზ სანიკიძე: „ერთი წლის წინ, აგვისტოში, მან (სააკაშვილმა) 500 ბიჭი ჩადო საფლავში. მის ცანცარს შეეწირა ეს ქვეყანა. ამ ბიჭმა, მიშიკომ, აი, ეს გააკეთა და ამისთვისაა დასასჯელი“; შალვა ნათელაშვილი: „მძინარე ცხინვალზე თავდასხმა, რომელიც ქართული ქალაქია და რომელშიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ქართველი მოქალაქეები და წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწირული, რადგან მან მშვენივრად იცოდა, ვინ შემოვარდებოდა და როგორ შემოვარდებოდა აქ, არის საერთაშორისო დანაშაული“; აკია ბარბაქაძე: „ეს იყო ყველაზე დიდი უაზრობა, რაც კი შეიძლება საკუთარ სახელმწიფოს გაუკეთო“; დავით ბერძენიშვილი: „კითხვა, თუ ვინ დაუწყო ომი საქართველოში საკუთარ მოსახლეობას 2008 წლის აგვისტოში, დიდი ხანია, დაიხურა – ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნამ მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ ეს იყო მაშინდელი პრეზიდენტი – მთავარსარდალი სააკაშვილი და მისი მონები – კახა ლომაია, გიგი უგულავა, დიმიტრი შაშკინი, თემურ იაკობაშვილი, გია ბარამიძე, გიგა ბოკერია და სხვები“; ლევან ბერძენიშვილი: „მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო წახდენა საქმის და გამოავლინა თავისი მთავარი საფიქრალი. ამას ეტყობა, მართლა დავით აღმაშენებლობა უნდოდა“; სალომე ზურაბიშვილი: „ექვსი წელი გავიდა. იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე – ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია, მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების „გეგმურ“ დაკარგვას. ჯერ კიდევ ამ დანაშაულისთვის გასამართლებული არაა და ვიდრე არ იქნება, საქართველო სააკაშვილის, და არა ქვეყნის, დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.