ეკა ბესელია - ვწუხვარ, რომ ყოველდღიურად ძლიერდება კრიტიკული განცხადებები, ხშირად ისმის სანქციები, რამაც შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს
ეკა ბესელია - ვწუხვარ, რომ ყოველდღიურად ძლიერდება კრიტიკული განცხადებები, ხშირად ისმის სანქციები, რამაც შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელია განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებები თავიდან ღიმილისმომგვრელი ჩანდა, ახლა კი უკვე ხშირად მეორდება და იზრდება აშშ-ის კონგრესსა და სენატში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბრობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია 13 კონგრესმენის ხელმოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერებისა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კონგრესმენების განწყობების ნეგატიურად შემოტრიალება ძალიან სამწუხაროა.

ბესელაიას თქმით, მათი განწყობების ასეთი მიმართულებით შეცვლა ბევრმა რამემ განაპირობა.

„პირველი განმსაზღვრელი იყო არადემოკრატიული ნაბიჯები. ბუნებრივია, ამით ვაძლიერებთ ჩვენი ჩრდილოვანი მეზობლის გავლენების შესაძლებლობას და საფრთხეებს. მეორე იყო მართლმსაჯულების რეფორმა, რამაც აბსოლუტური იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორში. მესამე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძალიან დიდი პროექტი, რომლის ჩაშლაც პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებული იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან. ასევე რამდენიმე ისეთი საკითხი, რაც აშკარა კორუფციულ ინტერესებს აჩენს.

ყველა ამ კითხვამ, რომელიც დაგროვდა ერთიანობაში, შექმნა განცდა, რომ აშკარად დიდია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენა. ეს არ არის მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული. ეს მთლიანობაში ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ძლიერი პარტნიორები სჭირდება.

ვწუხვარ, რომ ყოველდღიურად ძლიერდება ასეთი კრიტიკული განცხადებები, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სანქციებზე, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ ეს არის გაფრთხილება და რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე, რადგან საარჩევნო პერიოდს მივუახლოვდით, კიდევ უფრო მზარდი იქნება ასეთი კრიტიკული განცხადებები.

იქნებ, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელმძღვანელობამ კეთილგონიერებას უხმონ, რათა არ დაზიანდეს ის, რაც წლების განმავლობაში, აქამდე ასეთი რუდუნებით იყო მოტანილი“, – განაცხადა ბესელიამ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.