იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები თუ გაერთიანდებიან, მათ წარმატებებს ვუსურვებ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გაერთიანდეს, რომ, საბოლო ჯამში, არჩევნებზე იყოს სამი პარტია
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები თუ გაერთიანდებიან, მათ წარმატებებს ვუსურვებ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გაერთიანდეს, რომ, საბოლო ჯამში, არჩევნებზე იყოს სამი პარტია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები თუ გაერთიანდებიან, მათ წარმატებებს უსურვებს.

იაგო ხვიჩიას კითხვით მიმართეს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გაერთიანდეს, რომ, საბოლო ჯამში, არჩევნებზე იყოს სამი პარტია.

„მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. გვსურს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაერთიანდეს, რომ, საბოლო ჯამში, არჩევნებზე იყოს სამი პარტია – „ნაცების“, „ქოცების“ და „გირჩების“. მიგვაჩნია, რომ 2012 წელს იმედით მომლოდინე ხალხი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ იმედები გაუცრუა და ვერც „ნაცმოძრაობამ“ აღძრა მათში მოწიწება, ჩვენი ამომრჩევლები უნდა იყვნენ. ისინი „პროქოცური“ გაერთიანებისთვის არ გვემეტება. შინაგანად „ქოცი“ თუ ხარ, მაშინ ბიძინას და მის პარტიას უნდა მისცე ხმა. ახლა სხვებმა რომ შექმნან იმავე ლაიტმოტივის პარტია და იმას მისცე ხმა, ამას რა შინაარსი აქვს? შესაბამისად, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც არც „ნაცია“, არც „ქოცი“, მაგრამ მზად არის, მოემსახუროს „პრონაც“ და „პროქოც“ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს. ასეთი ამომრჩეველი არ მემეტება პარტიებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ იქმნებიან, რათა „ქოცებმა“ ხმები არ დაკარგონ. „ქოცები“ იმსახურებენ, რომ ხმები მართლა დაკარგონ და არა იმას, რომ ხმები მიუვიდეს მათ რომელიმე განაყოფს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.