ეკა ბესელია - მმართველი პარტიისთვის უკვე არის სამი ვადის დასასრული და მეოთხე ვადით იმავე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დატოვება მათთვისვე ძალიან სახიფათოა
ეკა ბესელია - მმართველი პარტიისთვის უკვე არის სამი ვადის დასასრული და მეოთხე ვადით იმავე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დატოვება მათთვისვე ძალიან სახიფათოა

მმართველი პარტიისთვის ეს არის უკვე სამი ვადის დასასრული და მეოთხე ვადით იმავე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში დატოვება ძალიან სახიფათოა მათთვისვე, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„უკვე ბევრი ნიშანია, რამდენად შეეზარდა ერთმანეთს ინსტიტუტები, რომლებიც ისედაც სუსტი და მყიფე იყო. უკვე ზღვარი წაშლილია და მმართველი პარტიის განახლების და პროგრესის რესურსი, დიდი ხანია, აღარ იგრძნობა. დემოკრატია ნიშნავს ცვლილებებს და მომავალი საარჩევნო წელი აუცილებლად უნდა იყოს ცვლილებების წელი“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარტიის შექმნის იდეა იყო, ამომრჩეველს 2024 წელს კიდევ ერთი ალტერნატივა ჰქონდეს და ეს ალტერნატივა დაეფუძნოს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ იდეასთან მდგომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის გამოცდილება აქვთ, რომლებიც თავის დროზე სწორედ იდეის ირგვლივ შეიკრიბნენ და რომლებთანაც საუბრები, ბოლო თვეებია, სხვადახვა ფორმატში მიმდინარეობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა მათ შორის მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საუბრები დაიწყო სწორედ მათთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ დატოვეს.

„მიზეზი, პრაქტიკულად, ყველასი ერთი და იგივე იყო. შეუთავსებელია ეს რეალობა იმ იდეასთან, რა იდეასთანაც ჩვენ ვიდექით 2012 წლამდეც და 2012 წელსაც, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუებულია“, – განაცხადა ბესელიამ.

შეკითხვაზე, შესთავაზა თუ არა გიორგი გახარიას, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ ყველა პოლიტიკოსს ერთიანი პლატფორმით მიეღოთ მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა თავის დროზეც ჰქონდა, როცა ერთ გუნდში იყვნენ, მასთან საუბარი ნამდვილად არ უჭირს და ისინი სხვადასხვა თემაზე საუბრობენ.

მისი თქმით, პარტია „სამართლიანობისთვის“ ამომრჩეველს არც „ქართული ოცნების“ მართვის სტილი მოსწონს, არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და უნდა რაღაც სხვა.

„ის სხვა მასთან ახლოს უნდა იყოს და ასეთი ახლოს მდგომი, იდეით და ღირებულებებით ალბათ სწორედ ისეთი ალტერნატივა იქნება, რომელიც თავის დროზე მათთვის იყო მიმზიდველი. ამიტომ, ვფიქრობთ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ეს მე რეალურ პროექტად მიმაჩნია და რეალურ შესაძლებლობად დავინახე“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება და ძალების დასაბალანსებლად თუ რისკების დასაზღვევად ძალაუფლების რამდენიმე პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილება იქნება საჭირო.

„ამისთვის არის კარგი ამ ეტაპზე დაბალი ბარიერი, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ სრული საკონტროლო პაკეტი არ ჰქონდეს არც მმართველ პარტიას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ირგვლივაც ალბათ გარკვეული დაჯგუფება იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.

შეკითხვაზე, მოხდება თუ არა მომავალი ალიანსის ფორმირება პარტია „სამართლიანობისთვის“ ქოლგის ქვეშ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ალბათ ეს ერთიანი სიებით მოხდება, რაც სამართლებრივად ერთ-ერთი გამოსავალი იქნება, რაკი პარტიების გაერთიანება ვერ იქნება და რამდენიმე პარტიის ერთი საარჩევო სია გაკეთდება.

„ვინ ვისთან დაჯგუფდება, ეს პროცესია. ალბათ შემოდგომის ბოლომდე მაინც გაგრძელდება ან წლის ბოლომდე და მერე გამოიკვეთება სურათი. მე ვისურვებდი, იყოს სამი-ოთხი ალტერნატივა. არ არის იმის საფრთხე ამ ეტაპზე, რომ ხმები დაიკარგოს. პირიქით, რისკები უნდა იყოს დაზღვეული, რომ ხმები არ დაიკარგოს და ყველა გემოვნების ამომრჩეველს დახვდეს შესაბამისი არჩევანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.