აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

„კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

„საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი ​კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.