ეგვიპტეში ნაპოვნი პატარა კენჭი დანამდვილებით არაა დედამიწისეული წარმოშობის.
ჰიპატიას ქვა — როგორც ისაა ცნობილი, უბრალოდ არამიწიერი წარმოშობის როდია. იგი შეიცავს მიკრო მინერალურ ნაერთებს, რომლებიც დედამიწაზე უბრალოდ არსად მოიპოვება, არაა აღმოჩენილი არც სხვა მეტეორიტებში და რაც ყველაზე საინტერესოა, ჯერ არც დანარჩენ მზის სისტემაში გვინახავს სადმე.
ეს გახლავთ აღმოჩენა, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს მზის სისტემის წარმოშობასთან დაკავშირებით.
2013 წელს, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ეგვიპტეში ნაპოვნი ჰიპატიას ქვა დედამიწისეული წარმოშობის არაა. აღნიშნული სახელი კენჭს უწოდეს IV-V საუკუნის ქალი-მეცნიერის, ჰიპატია ალექსანდრიელის პატივსაცემად.
როგორც შემდეგმა ანალიზებმა აჩვენა, ალმასით ამოვსებული ეს ქვა წამოსული არ იყო ჩვენთვის ცნობილი არც ერთი კომეტის ან მეტეორიტისგან — მისი კომინირებული მახასიათებლები სრულიად უნიკალური იყო სხვა დადასტურებულ არამიწიერ მასალებს შორის.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ის შეიძლება დარტყმის შედეგად დაზიანებული კომეტის ბირთვის ფრაგმენტი ყოფილიყო. დადგინდა ისიც, რომ ქვა ცივ გარემოში იყო წარმოქმნილი.
ახლახან, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა ქვის კარბონატულ მატრიქსს. აღმოჩნდა, რომ ნაკლებად შეიცავს სილიკატურ ნივთიერებებს, რითაც ძალიან განსხვავდება დედამიწაზე ჩამოცვენილი სხვა პლანეტათშორისი მასალებისგან; გარდა ამისა, შეიცავს მინერალებს, რომლებიც მზეზე ძველია.
მეტაფორულად, მკვლევრებმა შიდა სტრუქტურა შეადარეს გარე, დამსხვრეული საფარველისას.
„ვფიქრობთ, ჰიპატიას ქვაში წარმოდგენილია ერთმანეთში ცუდად შერეული მასა, რასაც გეოლოგიური ტერმინოლოგიით ორ შერეულ „მატრიქსს“ ვუწოდებთ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ჟან კრამერსი.
„ეს ერთგვარი ხილის ტორტია, რომელშიც მინის ალუბლები და თხილები წარმოადგენს ჰიპატიას ქვაში ჩაჭედილ მინერალთა მარცვლებს; ნამცხვრის ნაპრალებში მოყრილი საფანელი კი დედამიწისეული წარმოშობის ‘მეორადი ნივთიერებებია’“.
კენჭი თავდაპირველი „ნამცხვრის“ პატარა ნამსხვრევია, რომლის დიამეტრიც რამდენიმე მეტრი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მაინც საკმარისია მთლიანი შემადგენლობის გასარკვევად.
არამეტალურ მეტეორიტებს ხონდრიტებს უწოდებენ და შემადგენლობის მხრივ, ძალიან ჰგვანან დედამიწას — მცირე ოდენობით ნახშირბადი და ბევრი სილიციუმი.
თუმცა ჰიპატია საპირისპიროა — ბევრი ნახშირბადითა და ძალიან ცოტა სილიციუმით.
„რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, მატრიქსი შეიცავს დიდი ოდენობის ნახშირბადის ძალიან სპეციფიკურ ნაერთებს, რომლებსაც პოლიარომატულ ნახშირწყალბადებს უწოდებენ. ესაა ვარსკვლავთშორისი მტვრის მთავარი კომპონენტი, რომელიც მზის სისტემის წარმოქმნამდეც არსებობდა“, — ამბობს კრამერსი.
„ვარსკვლავთშორისი მტვერი ასევე გვხვდება იმ კომეტებსა და მეტეორიტებში, რომლებიც თავიანთ ისტორიის მანძილზე დიდხანს არ გაცხელებულან“.
ჰიპატიას ქვაში არსებული ზოგიერთი პოლიარომატულ ნახშირწყალბადი დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაიქცა სუბმიკრომეტრულ ალმასებად — სავარაუდოდ, დედამიწასთან შეჯახებისას.
თუმცა, სხვა აღმოჩენები გაცილებით შთამბეჭდავია. მკვლევრებმა იპოვეს წმინდა მეტალური ფორმის ალუმინი — რაც როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მზის სისტემაში ან საერთოდ არ გვხვდება, ან უიშვიათესად.
მკვლევრებმა ძლიერ არაპროგნოზირებად ფორმებში ასევე იპოვეს სილიციუმის კარბიდი და ვერცხლის იოდიდის ფოსფიდი. ნარევი ძირითადად შედგება ფოსფორისა და ნიკელისგან, არაა რკინა — მინერალური შემადგენლობა, როგორიც აქამდე არასოდეს გვინახავს არც დედამიწაზე და არც არამიწიერ მასალებში.
ერთად აღებული ეს მახასიათებლები გვთავაზობს, რომ ჰიპატია შედგება უცვლელი მასალებისაგან, რომლებიც ასაკით მზეს უსწრებს; თუმცა, სავარაუდოდ, ეს ქვა მზის შემდეგ წარმოიქმნა, რადგან ფართო ობიექტების წარმოსაქმნელად საჭიროა მკვრივი ღრუბელი, ისეთი, როგორიც მზის ნისლეული იყო.
ეს ყველაფერი ეჭვქვეშ აყენებს პლანეტათა ფორმაციის ჩვენეულ მოდელს, რომლის მიხედვითაც, მასალა თანაბრად მიმოიფანტება პროტოპლანეტური დისკოს მასშტაბით. მაგრამ როგორც ყოველთვის, საჭიროა კიდევ უფრო მეტი კვლევა.
„ჰიპათია ცივ გარემოშია წარმოქმნილი, სავარაუდოდ, იმაზე დაბალ ტემპერატურაზე, რაც დედამიწაზე თხევადი აზოტისთვისაა საჭირო (-196 ცელსიუსი). მზის სისტემაში, ეს უნდა ყოფილიყო უფრო შორის, ვიდრე მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყელი, საიდანაც მოდის ჩვენთან მეტეორიტთა უმეტესობა“, — ამბობს კრამერსი.
„კომეტები ძირითადად კოიპერის სარტყლიდან მოდის, ნეპტუნის ორბიტის გადაღმიდან, მზიდან 40-ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე დედამიწა. ზოგიერთი მათგანი უფრო შორიდანაც მოდის, ოორტის ღრუბლიდან“.
„ჩვენ მიღმა არსებულ კოსმოსურ ობიექტთა ქიმიური შემადგენლობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. შესაბამისად, ჩვენი შემდეგი მცდელობა იქნება გავარკვიოთ, თუ საიდანაა დედამიწაზე მოსული ჰიპატიას ქვა“.
კვლევა ჟურნალ Geochimica et Cosmochimica Acta-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.