ძველრომაულ სამარხში მიცვალებულისთვის ჩატანებული უძველესი ღვინო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ესპანეთში, ძველრომაულ ნეკროპოლში, რომელსაც კარმოს უწოდებენ, არქეოლოგებმა ჯერ კიდევ დალუქული ღვინის დოქი აღმოაჩინეს; სითხე მასში დღესაც ასხია, თითქმის 2000 წლის შემდეგ.
ღვინო რომაელ მამაკაცს ჰქონდა საფლავში ჩატანებული. მისი კრემირებული ფერფლი მინის დალუქულ ჭიქაშია ჩაყრილი. ღვინო, რომელიც ერთ დროს თეთრი ტკბილი უნდა ყოფილიყო, ახლა მოწითალოა და ადამიანის მტვერს შეიცავს.
მიუხედავად ადამიანის მტვრისა, მოწითალო ფერისა და ასე შემდეგ, ეს ღვინო ახლა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ღვინოა მსოფლიოში, რომელმაც დღემდე მოაღწია; ამ დრომდე ასეთად მიიჩნეოდა გერმანიაში აღმოჩენილი ასევე რომაული, მე-4 საუკუნის შპეიერის ღვინის ბოთლი.
„გაოცებული ვართ, რადგან ღვინო ერთ-ერთ სამგლოვიარო ჭურჭელში ესხა“, — ამბობს კარმონას მუზეუმის არქეოლოგი ხუან მანუელ რომანი.
თავად მავზოლეუმი სავარაუდოდ კონკრეტული ოჯახის საერთო სამარხია და რაღაც იშვიათობას წარმოადგენს. ხშირად, უძველესი სამარხები გაძარცვულია და ისტორიკოსებს იქ ცოტა რამ თუ ხვდებათ. თუმცა, 2019 წელს არქეოლოგებმა სამხრეთ ესპანეთში ჯერ კიდევ დალუქული კამერა აღმოაჩინეს, რომელიც მძარცველებს სრულიად ხელუხლებელი გადარჩენოდა.
იქ მათ სამარხში ჩატანებული მდიდრული ნივთები აღმოაჩინეს — პაჩულის სუნამო, ძვირფასი სამკაულები, ქსოვილები, მინის ობიექტები და ტყვიის დიდი კონტეინერი. როდესაც მკვლევრებმა კონტეინერი გახსნეს, იქ დალუქული მინის ურნა დახვდათ, რომელშიც ნახევრად ესხა რაღაც სითხე.
ძვირფას ადამიანთათვის საფლავში ღვინის ჩატანება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო რომაულ პერიოდში, მაგრამ არის იმის შანსიც, რომ ურნაში სითხე შეცდომით ჩაიჟონა.
მიუხედავად იმისა, დალუქულია თუ არა, საფლავში სითხე მაინც შეიძლებოდა მოხვედრილიყო, როგორც ეს წყლით სავსე ძველეგვიპტური სარკოფაგის შემთხვევაში ვნახეთ. გარკვეულ პერიოდში საფლავი შეიძლება დაიტბორა, ანდაც ჭურჭელში რაიმე კონდენსირდა.
ესპანეთის ქალაქ კორდობის უნივერსიტეტის ქიმიკოსის, დანიელ კოსანოს ხელმძღვანელობით, მკვლევრებმა ქიმიურ ანალიზთა სრულყოფილი სერია ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, რა იყო სინამდვილეში ეს სითხე.
გაზომეს სითხის მჟავიანობა (pH) და მასში არსებული ორგანული მასალები. პლაზმური მასსპექტრომეტრის გამოყენებით, მათ შეძლეს სითხეში არსებული მარილების ქიმიური ელემენტების იდენტიფიცირება. სითხის ქრომატოგრაფია-მასსპექტრომეტრია გამოიყენეს პოლიფენოლების იდენტიფიცირებისთვის — ქიმიური ნაერთების, რომლებიც საკვებსა და სასმელში გვხვდება.
შემდეგ ეს მონაცემები შეადარეს ახლომდებარე რეგიონების — მონტილია-მორიელესის, ხერესისა და სანლუკარის ღვინოებს.
როგორც მინერალური მარილების, ისე პოლიფენოლების პროფილი ღვინოს შეესაბამებოდა, რომელსაც მსგავსებები სამივე ამ ღვინის რეგიონთან ჰქონდა. ამას გარდა, წარმოდგენილი არ იყო წითელი ღვინისთვის დამახასიათებელი ერთი კონკრეტული პოლიფენოლი — იასამნის მჟავა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად წითელი ფერისა, თავდაპირველად ის თეთრი უნდა ყოფილიყო.
ჯგუფმა სცადა დაედგინა, სად შეიძლება ყოფილიყო ეს ღვინო დამზადებული. საბოლოო დასკვნის გამოტანა ვერ შეძლეს, რადგან არ ჰქონდათ იმ პერიოდის სხვა ადგილობრივი ღვინოები, რომლებსაც შეადარებდნენ, მაგრამ აქვს გარკვეული მსგავსებები თანამედროვე ღვინოებთან. ძლიერ ჰგავს რეგიონ მონტილია-მორილესის ტკბილ ღვინოებს.
რომაელი კაცი, რომლის ფერფლიც ურნაში იყო, კამერაში ხუთ სხვა ადამიანთან ერთად განისვენებდა. მინის კიდევ ერთ ურნაში მოთავსებული იყო ქალის, სახელად ისპანას კრემირებული ფერფლი. ის ღვინოში არ იყო ჩაყრილი, მაგრამ მის ურნაში ასევე ეყარა სამკაულები, კრისტალის ჭურჭელში პაჩულის სუნამო ესხა და იქვე იდო აბრეშუმის ქსოვილი.
ძღვენის გარეშე არც რომაელი კაცის ურნა ყოფილა. მას ჩატანებული ჰქონდა ოქროს ბეჭედი, რომელზეც ამოკვეთილი იყო დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის ძველრომაული ღვთაება იანუსი.
კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.