დიმიტრი ცქიტიშვილი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევას ეფექტიანი რეფორმების ტალღა მოჰყვება.

მისივე თქმით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უფრო კოორდინირებული იქნება.

„ძალიან ეფექტიანი იქნება რეფორმების ის ტალღა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მოჰყვება. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობები უფრო კონსოლიდირებული და კოორდინირებული იქნება. ეს არის საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. ძალიან საინტერესო პროცესების საწყისში ვართ. ქვეყანაში ახალი ეტაპი იწყება. უკვე 6 წელი ვართ ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, რომ საჭიროა დამატებითი იმპულსი და სტიმული, რათა პროცესი უფრო დინამიური გახდეს. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტიმულის მომცემია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

„პარტია შეჯერებული პოზიციით წარდგება. მე პარტიის გადაწყვეტილებას დავუჭერ მხარს. ვინც არ უნდა იყოს ის, ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა კანდიდატი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც დიდი დამაჯერებლობით გაიმარჯვებს“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.