დიმიტრი ცქიტიშვილი - პირველ იანვარს ჩვენ გვეყოლება ძლიერი შრომის ინსპექტორი, რომელსაც შეეძლება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს მონიტორინგი და კანონდარღვევებზე სანქცირება მოახდინოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - პირველ იანვარს ჩვენ გვეყოლება ძლიერი შრომის ინსპექტორი, რომელსაც შეეძლება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს მონიტორინგი და კანონდარღვევებზე სანქცირება მოახდინოს

პირველ იანვარს ჩვენ გვეყოლება ძლიერი შრომის ინსპექტორი, რომელსაც განუსაზღვრელი მანდატი ექნება, მას შეეძლება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამუშაო პროცესის დროს, ჩაატაროს მონიტორინგი და მოახდინოს კანონდარღვევებზე სანქცირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შრომის კოდექსი, რომელიც დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, უმნიშვნელოვანესია.

„შრომის კოდექსის პირველ ვერსიასთან შედარებით გარკვეული კომპრომისები იყო მოძებნილი, რომ დამსაქმებლების და დასაქმებულების ინტერესები მეტნაკლებად დაბალანსებული ყოფილიყო. მიუხედავად ყველა კომპრომისისა, ეს არის მართლა რეფორმატორული პაკეტი, რომელიც ახალ რეალობას ქმნის შრომითი ურთიერთობების ნაწილში. ეს პაკეტი დისკრიმინაციის კუთხით სახელმწიფოს როლს გააძლიერებს და დასაქმებულებს უფრო მეტად დაიცავს. ასევე, პაკეტი მოიცავს სტაჟიორებისთვის შრომითი უფლებების სტანდარტების დადგენას, სამუშაო დროის რეგულირებას, ღამის მუშაობის მიმართ გარკვეულ სტანდარტებს, დასაქმებულების ჩართულობას ისეთ საკითხებში, რომელიც მათ კონკრეტულად შეეხებათ. ამ პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის შრომის ინსპექციის ძლიერი ინსტიტუტის საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც, პირველ იანვარს ჩვენ გვეყოლება ძლიერი შრომის ინსპექტორი, რომელსაც განუსაზღვრელი მანდატი ექნება, ასევე ექნება საერთაშორისო სტანდარტების სამართლებრივი მანდატი. მას შეეძლება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში სამუშაო პროცესის დროს შევიდეს, ჩაატაროს მონიტორინგი, ინსპექტირება და მოახდინოს სანქცირება იმ კანონდარღვევებზე, რომელსაც აღმოაჩენს. მას ვალდებულება არ ექნება არც უწყებებთან, არც სასამართლოსთან. მას ექნება უფლება სამუშაო პროცესიც კი შეაჩეროს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ყველა კომპანია, ორგანიზაცია იყოს მზად ისპექტირებისთვის. მათ ყოველთვის უნდა დაიცვან შრომითი დასაქმებულების უფლებები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

პარლამენტში „შრომის კოდექსი“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა. პროექტი შრომითი უფლებების მიმართულებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს.