დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს არჩევნებზე, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო გარემოს მიმართ კითხვებზე მიანიშნებდეს 
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს არჩევნებზე, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო გარემოს მიმართ კითხვებზე მიანიშნებდეს 

დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, არსებული წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ფაქტია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაგეგმილ არჩევნებზე და სამართლიან გარემოში მის ჩატარებაზე, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, არსებული წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ხელისუფლების მხრიდან ძალიან ინტენსიური მუშაობა სჭირდება იმას, რომ არჩევნები, ერთი მხრივ, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ამან მიიღოს ძალიან მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. დიპლომატიაში გაფრთხილებები და მუქარები არ არის, უბრალოდ არის საკითხები, რაზეც პარტნიორები მიანიშნებენ.

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები, მით უმეტეს, ასეთი პოლიტიკური ტურბულენტური პერიოდის შემდეგ. იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო სტაბილური გახდეს გარემო, მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგები აღიაროს ყველამ – შიდა მოთამაშემაც და გარე დამკვირვებლებმაც. შიდაში შესაძლოა, გაჩნდეს სპეკულაცია, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიისკენ იქნას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული და არც ერთ შემთხვევაში უკან არ წავიდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.