გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად იქნება არჩეული
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად იქნება არჩეული

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ერთხმად იქნება არჩეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარტია „ქართულ ოცნებაში“ მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება.

„გვესმის, რომ ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ, როგორ ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფო განვითარების ფონზე დადგა აუცილებლობა გავაძლიეროთ პარტია და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენ გუნდს. მნიშვნელოვანია, პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავე დროს ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით. მნიშვნელოვანია, როგორც მმართველმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხებზე. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველობას.”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე ყრილობა.

“დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტსაბჭო და დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის პარტია „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.