დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტს მოუწევს, ისევ მიიღოს ცვლილებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კენჭისყრის პროცედურები მთლიანად საჯარო იყოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტს მოუწევს, ისევ მიიღოს ცვლილებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კენჭისყრის პროცედურები მთლიანად საჯარო იყოს

ფაქტია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მცდელობა იმისა, რომ გავათამაშოთ სპექტაკლები არასერიოზული დამოკიდებულებაა ქვეყნისადმი, სასამართლოსადმი და ჩვენი პარტნიორებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის ცაიტნოტში დაყენება არასერიოზულია.

„თავისთავად არასერიოზულია ასე ცაიტნოტში დაყენება ვენეციის კომისიის, მით უმეტეს, როცა ვიცით, ვენეციის კომისიას ამ კონკრეტულ საკითხებზე, ჯერ კიდევ შარშან აქვს გამოგზავნილი თავის დასკვნა და ის მანიპულაცია და სიტყვათა თამაში, რომელიც ახლა ამ კანონში არის გათვალისწინებული, ბევრად არაფერს ცვლის. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა უარყოფითი დასკვნა და ასეთი იქნება სავარაუდოდ იმიტომ, რომ ნაჩქარევად გაკეთდა, იმ მომენტში ჩაატარეს სესიები, როდესაც უკვე გადავადების საშუალება აღარ იქნებოდა და თითქოს, რაღაც გამოსავალი იპოვეს. რეალურად, პარლამენტს მოუწევს, მიიღოს ისევ ცვლილებები, რომ მთლიანად საჯარო იყოს კენჭისყრის პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის, ეს იქნება რიგგარეშე სესიაზე თუ წლის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება, რომელიც არის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე შეიძლება დაკარგოს სახელმწიფომ და რაც მთავარია, არ შეიცვალოს არაფერი სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის კუთხით. ფაქტია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ასეთი ფორმით, მცდელობა იმისა, რომ გავათამაშოთ სპექტაკლები არასერიოზული დამოკიდებულებაა ქვეყნისადმი, სასამართლოსადმი და ჩვენი პარტნიორებისადმი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.