დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინის განცხადებას, სადაც მოგერინი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარებას“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფედერიკა მოგერინიმ გამოსვლის დროს ეს ახსენა და ამ მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაიმეორა ორგანიზაციის ურყევი პოზიცია. დღეს ყველამ გაიგო, რომ რუსეთის ამ პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარება“ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა და გაართულებს კონფლიქტის მოგვარებას.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მაისს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.