დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - განმარტება, რომ ჯამალ ხაშოგი ჩხუბის დროს დაიღუპა, სარწმუნო არ არის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ამბობს, რომ საუდის არაბეთის განმარტება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სარწმუნო არ არის. ამის შესახებ ჯერემი ჰანტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„განცხადება, რომ ბატონი ხაშოგი დაიღუპა ჩხუბის დროს, არ არის სარწმუნო განმარტება“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ დადგინდეს ზუსტად, რა მოხდა 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში.
ამავე დროს, ჯერემი ჰანტის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქმეზე რეაგირებამდე გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.
The Washington Post-ის ჟურნალისტის, საუდის არაბეთის მოქალაქე ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს.
მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია.
ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.