“ბარსელონამ” საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ფორვარდი უსმან დემბელე მარცხენა ბარძაყზე კუნთის გაწყვეტის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა. ფრანგმა, რომელმაც დაზიანება 16 სექტემბერს, “ხეტაფესთან” მატჩში მიიღო, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა.
კატალონიური გუნდის განცხადებაში წერია, რომ სამედიცინო სამსახურმა დემბელეს მატჩებში მონაწილეობის ნება დართო. 20 წლის ფრანგს შეეძლება, უკვე 4 იანვარს გავიდეს მოედანზე – ესპანეთის თასის მერვედფინალურ მატჩში “სელტას” წინააღმდეგ.
დემბელე აგვისტოში დორტმუნდის “ბორუსიადან” “ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონიურ კლუბში მან ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორი საგოლე პასი შეასრულა.