დეკანოზი შალვა კეკელია - პატრიარქი ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ტატუნაშვილის საკითხზე
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში განუცხადა. სასულიერო პირი იმედს გამოთქვამს, რომ ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კვირის განმავლობაში გადმოასვენებენ.
„მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა.
რაც შეეხება ილია მეორის მიერ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილს, დეკანოზი ამბობს, რომ საპასუხო გზავნილით დაიმედებულები არიან.
„ჩვენ მივიღეთ რუსეთის საპატრიარქოსგან წერილი და მათ ჩვენ დაგვაიმედეს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. მათ არ აქვთ ასე პირადი შეხება ამ საკითხთან, როგორც ჩვენს ეკლესიას, სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს, არ შეიძლება შეხება ჰქონდეს ასეთ საკითხებთან. უბრალოდ მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან რაც არის საშუალება, ჩვენ დაგეხმარებითო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, – ამბობს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი შალვა კეკელია.