დედამიწის ბირთვის გარშემო გიგანტური მაგნიტური ტალღები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დედამიწის ბირთვის გარშემო გიგანტური მაგნიტური ტალღები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დედამიწის წიაღი წყნარი ადგილი ნამდვილად არ არის. ზედაპირიდან ძალიან ღრმად, გამალებული აქტივობები მიმდინარეობს — ფილების ტექტონიკით დაწყებული, კონვექციური დინებებით დამთავრებული, რომლებიც ქერქიდან ძალიან ღრმად, ცხელ მაგმურ სითხეებში ცირკულირებენ.

ახლახან, დედამიწის თანამგზავრული მონაცემების შესწავლისას, მეცნიერებმა პლანეტის წიაღში გამოავლინეს რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასოდეს გვინახავს: ახალი ტიპის მაგნიტური ტალღა, რომელიც ჩვენი პლანეტის ბირთვის ზედაპირის გარშემო ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ტრიალებს.

ამ აღმოჩენამ შეიძლება გარკვეული ცნობები მოგვცეს დედამიწის მაგნიტური ველის წარმოქმნის შესახებ, ასევე გადმოგვცეს მინიშნებები ჩვენი პლანეტის თერმული ისტორიისა და ევოლუციის შესახებ — უკვე ცნობილია, რომ პლანეტის წიაღი თანდათან ცივდება.

„ასეთი ტალღების არსებობას გეოფიზიკოსები უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ, მაგრამ ითვლებოდა, რომ ისინი ბევრად უფრო დიდ დროში ხდებოდა, ვიდრე ჩვენმა კვლევამ აჩვენა. დედამიწის ზედაპირზე განთავსებული ინსტრუმენტებით ჩატარებული მაგნიტური ველის გაზომვები მიუთითებდა, რომ იქ გარკვეული სახის ტალღური აქტივობა მიმდინარეობდა, მაგრამ გვესაჭიროებოდა გლობალური დაფარვა კოსმოსიდან ჩატარებული გაზომვების მეშვეობით, რაც რეალურად გამოამჟღავნებდა იქ მიმდინარე პროცესს“, — ამბობს საფრანგეთის გრენობლ-ალპების უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ნიკოლა ჟილე.

მისივე განცხადებით, მათ ერთმანეთს შეურწყეს რამდენიმე თანამგზავრის მონაცემები, მათ შორის Swarm-ის, გერმანული Champ-ის და დანიური Ørsted-ის. სახმელეთო გაზომვების ასახსნელად გამოიყენეს გეოდინამოს კომპიუტერული მოდელიც, რამაც ისინი აღმოჩენასთან მიიყვანა.

დედამიწის მაგნიტური ველი მეცნიერებისთვის დიდი გატაცების საგანია. ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, უხილავი სტრუქტურა ჩვენი პლანეტის გარშემო დამცავ „ბუშტს“ წარმოქმნის, საზიანო რადიაციისგან გვიცავს და შესაბამისად, სიცოცხლეს არსებობის საშუალებას აძლევს.

თუმცა, მაგნიტური ველი სტატიკური არ არის. მერყეობს სიგრძეში, ზომაში, ფორმაში, აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებსაც ვერ ვხსნით და დროთა განმავლობაში თანდათან სუსტდება.

ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე ამ აქტივობის მიზეზის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ის დინამოს მეშვეობით გამომუშავდება — მბრუნავი, კონვექციური და ელექტროგამტარი სითხისგან, რომელიც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის და შედეგად, პლანეტის გარშემო კოსმოსში მაგნიტური ველი ტრიალებს.

ეს სითხე ძირითადად დედამიწის გარე ბირთვში არსებული გამდნარი რკინაა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Swarm-ის სამი თანამგზავრი 2013 წელს გაუშვეს და ორბიტიდან სწავლობენ დედამიწის წიაღში მიმდინარე აქტივობას — განსაკუთრებით კი ბირთვიდან მომდინარე მაგნიტურ და დინამიკურ აქტივობას. სწორედ ამ მონაცემებში აღმოაჩინეს ჟილემ და მისმა ჯგუფმა ახალი, საოცარი ტალღები.

შემდეგ მათ შეისწავლეს მიწისპირიდან და კოსმოსიდან ჩატარებულ დაკვირვებათა მონაცემები, რომლებიც 1999-2021 წლებშია შეგროვებული.

ამ ტალღებს მაგნეტო-კორიოლისის ტალღებს უწოდებენ და წარმოადგენს უზარმაზარ სვეტებს, რომლებიც დედამიწის ბრუნვის ღერძის გასწვრივ არის განლაგებული და ყველაზე ძლიერია ეკვატორთან.

გამოდიან ბირთვსა და მანტიას შორის საზღვრის გარშემო, წელიწადში დაახლოებით სამი კილომეტრის ამპლიტუდით და გადაადგილდებიან დასავლეთის მიმართულებით, წელიწადში 1500 კილომეტრის სიჩქარით.

მათი არსებობა მიუთითებს, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა მაგნეტო-კორიოლისის ტალღებიც რხევის განსხვავებული პერიოდებით, რომელთა დაფიქსირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება მონაცემთა სიმწირის გამო.

„მაგნიტურ ტალღებს სავარაუდოდ წარმოქმნის დედამიწის თხევადი ბირთვის სიღრმეში არსებული აშლილობები, რომლებიც სავარაუდოდ ამწევი ძალის ჭავლებთანაა კავშირში. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ სავარაუდოდ არსებობს სხვა ასეთი ტალღებიც, ალბათ უფრო დიდპერიოდიანი, მაგრამ მათი აღმოჩენა უფრო მეტ კვლევას საჭიროებს“, — ამბობს ჟილე.

ამ დროისათვის, იმის გამო, რომ ტალღები ატარებს ინფორმაციას იმ სივრცის შესახებ, რომელშიც მოძრაობს, აღმოჩენა შეიძლება გამოგვადგეს ჩვენი პლანეტის წიაღის ახალი გზით შესასწავლად — მათ შორის ბირთვის, რომელიც რთული შესასწავლია და ბირთვი-მანტიის საზღვრის.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.