დავით ზალკალიანი - სავაჭრო წარმომადგენლობების ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს
დავით ზალკალიანი - სავაჭრო წარმომადგენლობების ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, მხოლოდ მისასალმებელია.

„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და მას შემდგომ, რაც ზოგადად აღდგება რეგულარული ფრენები, განაახლებს ავიამიმოსვლას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ასობით ათას მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე აისახება დადებითად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა კომენტარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც და ამ საკითხის განხილვა გამორიცხულია დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

„რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ასეთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.